განათლების სამინისტრო სკოლებში საგანმანათლებლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებაზე Google-თან და Microsoft-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
განათლების მინისტრის თქმით, საგანმანათლებლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას კარგი დაკვირვება და სისტემის მომზადება სჭირდება.
„ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება აქტუალური ხდება. რამდენიმე კვირის წინ ბრიტანეთში საერთაშორისო განათლების კონფერენციაზე ვიმყოფებოდი, სადაც Google-ის და Microsoft-ის წარმომადგენლებს შევხვდით მე და ჩვენი გუნდი, სწორედ ამ მიზნით და კონკრეტულ მოლაპარაკებებში ვართ ახლა, თუ რა შეუძლიათ მათ შემოგვთავაზონ თავისი პლატფორმებით, იმისთვის რომ ჩვენ ამ ყველაფრის დანერგვა ნელ-ნელა დავიწყოთ, პირველ რიგში, სასკოლო განათლებაში და განათლების სხვა საფეხურებზე. ამას კარგი დაკვირვება და ჩვენი სისტემის მომზადება სჭირდება. დღეს ვერ ვხედავ იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს პედაგოგს, თუმცა ის უნდა გახდეს დამხმარე მეთოდური რესურსი სწავლების პროცესში. ამის მნიშვნელობას ვიაზრებ და ამიტომ ეს საკითხი ჩემთვისაც პრიორიტეტულია. იმის კვალდაკვალ, თუ როგორ ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, ამაზე არდაფიქრება განათლების სამინისტროში, რა თქმა უნდა, შეუძლებელია“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.