დღეს, პირველ ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები იმართება.
ამომრჩევლები აირჩევენ პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატსა და გურჯაანის მერს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 103 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით წარიმართება, 30 საარჩევნო უბანზე კი ხმის მიცემა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და გასაჯაროვდება.
გურჯაანში მერის არჩევნებში კანდიდატი მხოლოდ მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა. რაც შეეხება გორი-კასპის საარჩევნო ოლქს, აქ ორი კანდიდატია რეგისტრირებული "ქართული ოცნებიდან" გიორგი სოსიაშვილი და პარტია „სოციალური სამართლიანობისთვის“ მამუკა ტუსკაძე.