სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტი განახორციელა. მრავალ საკითხთან ერთად, აუდიტის დასკვნა მუნიციპალიტეტის თანამშრომლების სამივლინებო ხარჯებს და მათ მიზნობრიობას ეხება.
აუდიტის სამსახურის ცნობით, 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებაზე დახარჯულია 73.3 ათასი ლარი, მათ შორის 2017 წელს - 53.7 ათასი, 2018 წელს - 19.6 ათასი ლარი. აღნიშნული წლების განმავლობაში საზღვარგარეთ მივლინებით ისარგებლა 42 პირმა 35 მივლინების ფარგლებში.
აუდიტის სამსახური წერს, რომ თანამშრომლების მივლინების შედეგად, რა სარგებელი ნახა გორის მერიამ, უცნობია.
"2017-2018 წლებში, ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის მემორანდუმის გაფორმების მიზნით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების საზღვარგარეთ მივლინებებზე 27.8 ათასი ლარი, ხოლო სამეცნიერო-სასწავლო ხასიათის ღონისძიებებზე დასასწრებად - 13.2 ათასი ლარი დაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ 11 შემთხვევაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა მივლინებების მიზანი იყო კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება, რაშიც მუნიციპალიტეტმა 32.3 ათასი ლარი დახარჯა.
თუ რა მუნიციპალურ ინტერესებს ემსახურებოდა, რამდენად მიზანშეწონილი და გონივრულია ამ რაოდენობის მივლინება საზღვარგარეთ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დასასწრებად, აღნიშნულის შეფასება სცილდება აუდიტის სამსახურის მანდატს, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ამ მასშტაბის მივლინებებიდან, რა კონკრეტული შედეგი მიიღო მუნიციპალიტეტმა, მერიამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურება.
მივლინებული პირების მიერ არ არის მომზადებული ანგარიში მივლინების მიმდინარეობის, შედეგებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ", – ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტში,
შესწავლილი მონაცემების საფუძველზე უწყებამ მუნიციპალიტეტს ასეთი რეკომენდაცია მისცა – გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, საჯარო მოხელის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინების შესახებ წესი უნდა შეიმუშაოს.
"აღნიშნული წესით უნდა განისაზღვროს მივლინების მიზნები, რომელიც შეესაბამება მუნიციპალიტეტის საჭიროებებს და ინტერესებს. ასევე მივლინებულ პირს უნდა ევალებოდეს ანგარიშის წარმოდგენა მივლინების შედეგების შესახებ. ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მივლინების მიმდინარეობის, მიღწეული მიზნებისა და შედეგების შეფასების შესახებ. აღნიშნული უზრუნველყოფს მივლინებაში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების თანამშრომლებს შორის გაზიარებას", – განმარტავენ უწყებაში.