სატენდერო პირობების მიხედვით, პროექტი 2022 წელსვე დაიწყება და 2023 წლის ზაფხულამდე უნდა დასრულდეს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 852 120 ლარს შეადგენს.

"ძველი ხიდიდან "ახალბაღის" პარკამდე არსებულ ტერიტორიაზე საავტომობილო გზა მიუყვება მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს, რომელიც ირეცხება. მის დასაცავად აუცილებელია სანაპირო საყრდენი კედლის მშენებლობა და მდინარეზე არსებული ხიდის, შევიწროვებული ხვრეტის გაწმენდა მდინარის ნატანისგან. დაზიანებულია ასევე საავტომობილო გზაზე არსებული ბეტონის საფარი და გზის გასწვრივ - ინფრასტრუქტურა (სკვერი, განათება, ტროტუარი, ველობილიკი და ა.შ.) ახალი პროექტისთვის, სამუშაოებისთვის 2022 წლის ბიუჯეტიდან 923 158 ლარი გამოიყოფა, ხოლო დარჩენილი თანხის ანგარიშსწორება 2023 წლის ბიუჯეტიდან განხორციელდება. იმ შემთხვევაში თუ 2022 წლის ბიუჯეტში გამოიყოფა პროექტის დასაფინანსებელი თანხა, ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად - 2022 წელს", - წერს გორის მერია საპროექტო განაცხადში.
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მიხედვით, 1 კმ -იან მონაკვეთზე რკინაბეტონის საყრდენი კედლის სიმაღლე 10 მეტრამდე, სისქე კი 5 მეტრის იქნება. მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოების პარალელურად მერია მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასაც გეგმავს.




























