“ძველ უბანში” - ასე ჰქვია კომპანია “რადარის” მენეჯმენტში გახსნილ ახალ სასტუმროს, რომელმაც ქალაქ გორში სტუმრების მიღება 23 ნოემბრიდან დაიწყო. ტრადიციულ ქართულ ელემენტებში გადაწყვეტილი სივრცე სტუმრებს ევროპის ქვეყნებიდან ელოდება.
სასტუმროს გახსნის იდეასა და მის დატვირთულობაზე BM.GE-სთან მისმა დამფუძნებელმა და გენერალური დირექტორი, გიორგი სიდამონიძემ და სასტუმროს მენეჯმენტ კომპანია “რადარის” დამფუძნებელმა მაია მახათაძემ ისაუბრეს.
“სასტუმრო “ძველ უბანში” 26 ადამიანზეა გათვლილი. გვაქვს 9 ნომერი, საიდანაც ხუთი სტანდარტულია, სამი ლუქსი, ერთი კი შშმ პირებზე ადაპტირებული ოთახია.
გარდა ამისა, პირველ სართულზე განთავსებულია ავთენტური ქართული კერძების რესტორანი, ხოლო 0 სართულზე მოწყობილია სტანდარტული ქართული მარანი, რომელიც ტრადიციული ქართული დეკორითა და ელემენტებითაა გადაწყვეტილი. აქ შევხვდებით ქართულ კერძებსა და ღვინოს, რომელსაც სიდამონიძეების ოჯახი თავად აწარმოებს”, - ამბობს მაია მახათაძე.
როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, სტუმარმასპინძლობის სივრცის იდეა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, ალკოჰოლური სასმელების წარმოების დაწყებასთან ერთად გაჩნდა და წელს სასტუმროს გახსნით დაგვირგვინდა.
“ჩემმა ოჯახმა ალკოჰოლური სასმელების წარმოება ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო. ალკოჰოლურ სასმელებს როგორც ტრადიციული ქართული, ისე ევროპული მეთოდებით ვამზადებთ და დიდი გამოცდილებაც დავაგროვეთ. იმ პერიოდის ოჯახური ჩანაფიქრი კი დღეს სამასპინძლო ობიექტით დაგვირგვინდა”, - ამბობს გიორგი სიდამონიძე.
სასტუმროში იგეგმება, რომ საერთაშორისო ტურისტებისთვის მარანში ღვინის დეგუსტაციის ტურები გამართონ, რადგან ამ სივრცეში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ინტერიერი სადეგუსტაციო მოთხოვნებს სრულად პასუხობს.
“ძველ უბანში” ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია. როგორც მაია მახათაძე აღნიშნავს, განსაკუთრებული დაინტერესება გერმანიიდან მოდის.
“სასტუმრო უკვე განთავსებულია საერთაშორისო პლატფორმებზე და ჯავშნების მიღება დაწყებულია. ყველაზე დიდი ინტერესი გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან მოდის, თუმცა მოთხოვნა მეზობელი ქვეყნებიდანაც შეინიშნება”, - ამბობს მაია მახათაძე.
სასტუმროს წარმომადგენლებს ქალაქ გორის ტურისტულ პოტენციალზეც ვკითხეთ. მათი თქმით, რაიონის მასშტაბით ხარისხიანი მოსასვენებელ-გასართობი სივრცეების რაოდენობა მზარდია.
“გორი სტაბილურად ვითარდება, როგორც რაიონის მასშტაბით, ისე ქალაქიც. ვაკვირდებით და ვამჩნევთ, რომ არაერთი სერიოზული განთავსების და გასართობი სივრცე ემატება ქალაქს, იქმნება ახალი ტურისტული ლოკაციები, რაც თავისთავად იწვევს საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამსვენებლების მოზიდვას”, - ამბობს მაია მახათაძე.
“ძველ უბანში” ერთი ღამით განთავსების ღირებულება 125 ლარიდან იწყება და ნომრის ტიპისა და სეზონის მიხედვით იცვლება.
სასტუმროს საინვესტიციო მოცულობა ცნობილი არ არის, თუმცა როგორც კომპანიაში განგვიმარტეს, ის სრულად ქართული ბიზნესია და საჭირო კაპიტალი ოჯახმა ღვინის ექსპორტით დააგროვა.