ჩვენი დღევანდელი პრობლემა არის ადამიანური დეფიციტი, - ამის შესახებ კომპანია კომპანია “რადარის” დამფუძნებელმა, მაია მახათაძემ BMGTV-ის გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამუშაო ძალის დეფიციტი ეხება არა მხოლოდ საშუალო ან დაბალი რგოლის პოზიციებს სასტუმროებში, არამედ მაღალ რგოლებსაც.
„ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ქვეყანამ გაზარდა მაღალი დონის სპეციალისტები, ამ ადამიანების ქვეყნიდან წასვლით ვკარგავთ პოტენციურ მასწავლებლებს, ქოუჩებს, ტრენერებს, მოდერატორებს, რომლებმაც უნდა გაზარდონ შემდეგი თაობა. მე პირადად ვისწავლე და ჩამოვყალიბდი უცხოეთიდან მოწვეული პროფესიონალებისგან. თუმცა მას შემდეგ გავიდა 20 წელი და ვფიქრობ, ჩვენი დაკარგვა არის ძალიან დიდი დანაკარგი. ვინ უნდა გაზარდოს შემდეგი თაობა?“, - განაცხადა მაია მახათაძემ.
მისი თქმით, კადრების გადინების პროცესი პანდემიამდე დაიწყო, თუმცა პანდემიამ ადამიანებს უბიძგა წასულიყვნენ ქვეყნიდან და ჯობდა, სხვაგან ეცადათ ბედი.
„ბევრმა[ადამიანმა] შეიცვალა პროფილი და უფრო მობილური გახდა დასაქმების კუთხით. ჩვენი სერვისი მობილური არ არის. ჩვენ გვჭირდება ფიზიკურად გვყავდეს ადამიანი, ამიტომ გლობალური პრობლემის გარდა ინტერესი და მოტივაცია დაკარგეს თავად ადამიანებმა ამ ქვეყანაში დარჩენის და ამ სფეროში დასაქმების.
რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად არის ის ხელფასი საკმარისი, რასაც სერვისში დასაქმებულ ადამიანებს უხდით და ხომ არ არის ეს ზუსტად ის პრობლემა, რომ მათ არ ჰყოფნით შემოსავლის წყარო და შედეგად, გადიან ქვეყნიდან. ამ ცალსახად შეიძლება ესეც იყოს მიზეზი, თუმცა აქ მეორე პრობლემამდე მივდივართ და ეს არის ზომიერება. თბილისის ბაზარი გაჯერებულია სასტუმროების და ღამისთევების რაოდენობით, ამდენი ტურისტი არ გვყავს სტაბილურად ერთი წლის განმავლობაში, რომ ჩვენი სახელფასო ფონდი მუდმივად თუ გაიზარდა, ხარჯებს ვერ გავწვდებით. ჩვენ რომ აგვისტოში ავწიოთ ხელფასი, თებერვალშიც აწეული ხელფასი გვექნება გადასახდელი, რაც ძალიან რთულია. ესეც იწვევს იმას, რომ რაღაც დონეზე გვინდა ხელფასი არ გადასცდეს ზღვარს, რომ თავად სასტუმროს ფუნქციონირება არ შეწყდეს. ყველაფერი არის კავშირში ერთმანეთთან“, - განაცხადა მაია მახათაძემ.
მისი შეფასებით, პრობლემაა მენტალობაშიც, რადგან ადამიანებს ურჩევნიათ ერთჯერადად, ერთი თვით რთველში მუშაობა, ვიდრე კახეთის სასტუმროში სტაბილური დასაქმება. „ვფიქრობ, აქაც საჭიროა საკუთარ თავთან მუშაობა“, - თქვა მან.