კომპანია “რადარის” დამფუძნებელი, მაია მახათაძე ამბობს, რომ ახალი პარლამენტისგან ისურვებდა “ტურიზმის შესახებ კანონის” ამოქმედებას, სპეციალისტების ჩართულობით. ასე უპასუხა მან კითხვას იმის შესახებ, თუ რას ისურვებდა მომავალი პარლამენტისგან.
როგორც მან BMGTV-ის ეთერში, გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა, საჭიროა ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება ბიზნესთან.
“ხშირად ვაჟღერებთ, რომ რეგულაციები მძიმე ტვირთად აწვება ბიზნესს და მეორე მხარეს ვაჟღერებთ, რომ საჭიროა რეგულაციები, რომ გარკვეულწილად, რაღაც პროცესები იყოს დაცული. ეს ყველაფერი შეიძლება ერთად მოვაგროვოთ “ტურიზმის კანონში”. “ტურიზმის კანონი” აბსოლუტურად პარლამენტის პრეროგატივაა. “ტურიზმის კანონზე” მუშაობა დაწყებულია, თუმცა, იქ ბევრი რაღაც არის სპეციალისტების, პროფესიონალების მხრიდან გასათვალისწინებელი. თუ ამ ტიპის კანონი ქვეყანაში უნდა ამოქმედდეს, ბიზნესი უნდა იყოს თანაბარ პირობებში, როგორც ზომით, ისე წონით, იმიჯით და ა.შ. გარდა ამისა, საჭიროა, ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება ბიზნესთან, რომელიც ზოგადად, მიიღწევა ხოლმე ლოიალური დამოკიდებულებით”,- განაცხადა მაია მახათაძემ.