გორის სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა, - ამის შესახებ Bm.ge-ს „სამართლიანი არჩევნების“ იურისტმა, რატი თინიკაშვილმა განუცხადა.
იურისტის განმარტებით, სასამართლომ გორის საოლქო საარჩევნო კომისიას დაავალა თავიდან დათვალოს 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების რაოდენობა. რაც შეეხება მეორე სარჩელს, რატი თინიკაშვილის თქმით, მოთხოვნა იყო რომ დისციპლინური პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ ამ უბნების მთვლელებს და თავმჯდომარეებს, მაგრამ ეს ნაწილი არ დაკმაყოფილდა.
„საოლქო საარჩევნო კომისიაში 15 საარჩევნო უბანი გვქონდა გასაჩივრებული, რომლის წინასწარი მონაცემები და შემაჯამებელი ოქმები იდენტური არ იყო. ვითხოვდით, რომ ამ საარჩევნო უბნების შედეგები ხელახლა ყოფილიყო დათვლილი.
ოლქმა არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა, რაც გავასაჩივრეთ და გორის რაიონულმა სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და გორის საოლქო საარჩევნო კომისას დაავალა, 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების რაოდენობა თავიდან დათვალოს.
მეორე სასარჩელო მოთხოვნა იყო, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ ამ უბნების მთვლელებს და თავმჯდომარეებს , მაგრამ ეს ნაწილი არ დაკმაყოფილდა", - განაცხადა თინიკაშვილმა.