მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გორში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა და უძრავი ქონების ფასი გაიზარდა

64ace922c474f
ნინო ჩიბჩიური
11.07.23 10:02
1082
2023 წელს გორის მერიას მშენებლობის ნებართვისთვის 20-მდე პირმა მიმართა. შესაბამის სამსახურს გასული წლების მსგავსად, არცერთ მათგანზე უარით არ უპასუხია. გაცემული ნებართვების რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. მაგალითად, 2020 წელს გაცემული 106 ნებართვა ერთი წლის შემდეგ 50-ით გაიზარდა, 2022 წელს კი ამ რაოდენობამ 180-ს მიაღწია, რაც ათი წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით 2-ჯერ მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს, მშენებლობის ნებართვები ჯამში 105 263 კვ მ-ზე გათვალისწინებული სამუშაოებისთვის გაიცა, რაც 2010 წლიდან ყველაზე დიდ ფართობს წარმოადგენს.



ბოლო წლებში გორის ცენტრში განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა მრავალსართულიანი მულტიფუნქციური კორპუსების მშენებლობა, რამაც თავის მხრივ ქალაქის იერსახეც შეცვალა. თუ წლების წინ ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ სიმეტრიული განაშენიანება იყო და სივრცე გამწვანებით იყო ათვისებული, ახლა ერთმანეთის მიყოლებით ეს ადგილი 6-8 სართულიან შენობებს უკავია.

ერთ-ერთი პირველი მშენებელი აქ ყოფილი მაჟორიტარის, იოსებ მაკრახიძის შვილის კომპანია MSG-ია, რომელმაც მშენებლობის ნებართვა მამის პარლამენტარობის პერიოდში მიიღო. ამავე პერიოდიდან დაიწყეს ქალაქის ცენტრში მშენებლობა კომპანიებმა Next Door-მა და MSZ Group-მა. ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ დღეისთვის თითქმის ყველა ბინის მშენებლობა დასრულებულია, რამაც გორის ცენტრში გადაადგილების მიმართულებებიც შეცვალა.

სამშენებლო ნებართვების რაოდენობასთან ერთად ბოლო წლებში გორში უძრავი ქონების ფასიც გაზრდილია. სამშენებლო ბიზნესში თუ 2020-2021 წლებში, გორის ცენტრალურ ქუჩებზე 1 კვ/მ-ის ღირებულება $500-ს არ სცდებოდა, 2022 წლიდან ეს ფასი საშუალოდ - $700-ია.

გორის მერიის შესაბამისმა სამსახურმა ქალაქში უნებართვო მშენებლობებიც გამოავლინა და დააჯარიმა. უნებართვო სამშენებლო საქმიანობა გორში ჯარიმის სახით, 4000 ლარის გადახდას ითვალისწინებს, სოფლად კი მის ნახევარს. 2021-2022 წელს უნებართვო მშენებლობისთვის გორის მერიის შესაბამისმა სამსახურმა 40 პირი დააჯარიმა. ცნობისთვის, გორის მერიას მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცებული არ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები