მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გპირდებით არ/ვერ იქნება დაცული მწვანე პასპორტის წესები“ - რა შედეგით დასრულდა რესტორატორების შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში

61967aeebd178
ელენე გოგბერაშვილი
18.11.21 23:10
17962
„გპირდებით არ/ვერ დაიცვება მწვანე პასპორტის რეგულაციები“, - ამის შესახებ BM.GE-სთან რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ სექტორთან ეკონომიკის სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ასეთი განწყობა აქვს რესტორატორებს მაშინ, როცა ე.წ. მწვანე პასპორტების სქემის ამოქმედებამდე 10 დღე რჩება.

„როგორ შეიძლება მწვანე პასპორტებზე ვისაუბროთ, როცა ობიექტში მიმსვლელ სტუმარს აქვს ვალდებულება იყოს აცრილი ან აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს და დამხვედრი არ იყოს ამ კრიტერიუმების დამკმაყოფილებელი. ამ ლოგიკას ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩავწვდები და როგორ შეიძლება ეს უსაფრთხო ზონად ჩაითვალოს.

მეორე, თუ მწვანე და უსაფრთხო ზონა იქმნება, ფაქტია ამ შემთხვევაში შეზღუდვები, რომელიც არსებობს, ავტომატურად უნდა მოიხსნას, რადგან თუ არის შექმნილი უსაფრთხო ზონა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ურთიერთობა გარკვეულწილად პრობლემა ვეღარ იქნება. ეს (მწვანე პასპორტები) თუ დამცველია, რეგულაციები უნდა მოიხსნას.

მესამე, ის ობიექტები და სფეროები, რომელიც რეგულაციაში ხვდება, მხოლოდ და მხოლოდ ეს რატომ უნდა იყოს და არ უნდა იყოს მაგალითად სხვა სფეროში ასეთი დატვირთვა. რატომ არის ეს ამ შემთხვევაში პრობლემის შემქმნელი და რატომ არ არის მაგალითად ტრანსპორტი პრობლემის შემქმნელი, რატომ არ არის მაგალითად 20 000 ადამიანი ერთი დღის განმავლობაში, როდესაც შედის სავაჭრო ცენტრებში პრობლემის შემქმნელი? ამ პრაქტიკულ საკითხებზე როცა ვსაუბრობთ, პასუხი არ არსებობს. იმედია სწორად მიიტანს მავანნი იმ განწყობას და იმ ლოგიკურ შეკითხვებს, რაც არსებობს და იქნება ის გადაწყვეტილება მიღებული, რაც უნდა იყოს“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

აღსანიშნავია, პროტესტის ნიშნად ეკონომიკის სამინისტროში ჩანიშნულ შეხვედრას სტუმართ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების ნაწილი არ დაესწრო. საქართველოს გასტრონომიული ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ შეხვედრების ფორმატი, როცა მთავრობა კერძო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებს სათანადოდ არ პასუხობს, მათთვის მიუღებელია.

„ერთი წლის განმავლობაში ხშირად ვართ შეხვედრებზე, რასაც არავითარი შედეგი მოაქვს. შეხვედრებზე მივდივართ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მოხდეს ფართო მასებისთვის მიწოდება, რომ კერძო სექტორს შეხვდნენ, რაც ზოგადად მიუღებელია. ჩვენ საერთო ჯგუფიც გვქონდა, სადაც ხდება დიდი ხანია პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ამაზე არავითარი რეაგირება არაა სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ კი არ უნდა ვისმენდეთ ხელისუფლება რას საქმიანობს, არამედ ჩვენს პრობლემებს უნდა იზიარებდეს და ჩვენი პრობლემების გააზრება უნდა ხდებოდეს. საჭიროა საგადასახადო სისტემაზე ფიქრი, როგორ დავეხმაროთ კერძო სექტორს. ჩვენთან საერთოდ აღარ არსებობს ამაზე საუბარი. მხოლოდ მწვანე პასპორტები არასდროს არაფერს გვარგებს. სხვა ბევრი ფუნდამენტური პრობლემებია ჩვენს სფეროში“-აცხადებს ლევან ქოქიაშვილი.

მწვანე პასპორტების სქემასთან დაკავშირებით ბიზნესის განწყობები კარგად არის ცნობილი საკოორდინაციო საბჭოს წევრებისთვის. მიმდინარე კვირაში გამართული სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კერძო სექტორი, რომელიც რეგულაციებს არ დაემორჩილება, შესაბამისი სანქციების ქვეშ მოექცევა.

ე.წ მწვანე პასპორტების სქემა ძალაში 1 დეკემბრიდან შედის. უკვე განსაზღვრულ ობიექტებში მხოლოდ მწვანე სტატუსის მქონე პირები დაიშვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები