„სინომი რითეილის” დირექტორის რეზო მაღალაშვილის თქმით, ბათუმში საერთაშორისო ბრენდების შეყვანამ მოლოდინებს 15-18%-ით გადააჭარბა. როგორც მაღალაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში აღნიშნა, „გრანდ მოლში“ არსებულ ბრენდებზე მოთხოვნა სეზონზეც და არასეზონზეც მაღალია, და მეტიც, მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს. შესაბამისად, კომპანიაში აცხადებენ, რომ უახლოეს წლებში იგეგმება როგორც არსებული ბრენდების განვითარება, ისე ახლის შემოყვანა.
„ჩვენი კომპანიის მაღაზიებმა, რომელიც „გრანდ მოლში“ გაიხსნა, მოლოდინებს გადააჭარბა. არასეზონზე გავიხსენით და მაშინაც დიდი აქტიურობა იყო, უკვე აქტიურ სეზონზე კი შედეგები უკეთესი გამოდგა. დაახლოებით 15-18%-ით აჭარბებს ჩვენს გათვლებს ბათუმში მდებარე მაღაზიები, რაც სასიხარულოა. ჩვენი დაკვირვებით, მყიდველების ნახევარზე მეტი უცხოელი ტურისტი არიან, დანარჩენი ადგილობრივი. ჩვენი მაღაზიების შედეგებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ის 10 ბრენდი, რომელიც გავხსენით, არ არის საკმარისი, შესაძლებლობას გვაძლევს ბათუმი, რომ რიგი ბრენდები შევიყვანოთ. ამჟამად არ არის მოლში ადგილები, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ვფიქრობთ, რომ ბათუმი არაერთ ბრენდს მოიზიდავს, მათ შორის ჩვენი პორტფელიდანაც.
ბათუმს აქვს პოტენციალი გაიზარდოს, როგორც სთრით რიტეილის, ისე ახალი სავაჭრო ცენტრების თუ არსებულის გაფართოების ხარჯზე. მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს, ამიტომ გაფართოების რესურსი არსებობს. 10-მდე ქვეყანაში ვოპერირებთ და 80 ბრენდი გვყავს, ამიტომ მუდმივად გვაქვს შესაძლებლობა, რომ შიდა პორტფელიდან გავხსნათ ისეთი ბრენდი, რომელიც საქართველოში ჯერ არ არის, ამ მიმართულებით გვაქვს მოლაპარაკებები, თუმცა უფრო პრიორიტეტული იქნება არსებული ბრენდების განვითარება“ - განაცხადა მაღალაშვილმა.
რაც შეეხება თბილისში არსებულ მაჩვენებლებს, როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, იანვრიდან ივნისის ჩათვლით ბაზარი 1%-იან ზრდას აჩვენებს.
„წლევანდელ წელთან მიმართებით კონსერვატიული მიდგომები გვქონდა და ასეც ახდა, წელს ზრდა თბილისში ძალიან მინიმალურია, 1 %-ით გაიზარდა იანვრიდან დღემდე შემოსავლები“, - აღნიშნა მაღალაშვილმა.
ინფორმაციისთვის, „გრანდ მოლი“ ბათუმში 2023 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. სავაჭრო ცენტრი 100 ბრენდს, Cavea-ს პირველ კინოთეატრს, ფიტნესს ცენტრ OkTopUs, კვების ობიექტებს, ბავშვთა გასართობი ცენტრს და ბოულინგს აერთიანებს.
პროექტისთვის განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 22 მლნ ევროა.