მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გრანდმა“ „კარფურის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავა პირველ ინსტანციაში მოიგო

61bb35202c87b
ვიქტორია მღებრიშვილი
16.12.21 17:43
5419
კომპანია „გრანდმა“ ჰიპერმარკეტების ქსელ „კარფურთან“ დავა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოიგო.

საქმე ის არის, რომ მიმდინარე წლის მარტში სასამართლოში 10-მდე ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიის სარჩელი კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიამის“ წინააღმდეგ შევიდა. დავის საგანი მსხვილ სუპერმარკეტებსა და ადგილობრივ მწარმოებლებს შორის პარტნიორული ურთიერთობები არათანაბარ პირობები იყო. საქმე ეხება „კარფურის“ მხრიდან მიმწოდებლებისათვის თანხების უკანონო ჩამოჭრის პრაქტიკას, რაც კომპანიებს სოლიდური თანხებით აზარალებდა.

Nexia TA Legal-ის იურიდიული მომსახურების ხელმძღვანელი ალექსანდრე ნაჭყებია, რომელიც კომპანიების უფლებებს იცავს, BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, რომ კომპანია „გრანდის“ შემთხვევაში, დავა 2 საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა.

„მოსარჩელე შპს „გრანდის“ სარჩელი სასამართლოს პირველმა ინსტანციამ სრულად დააკმაყოფილა. ჩვენ „კარფურს“ 22 000 ლარამდე ღირებულების მიწოდებული საქონლის საფასურის გადახდას ვედავებოდით. ასევე მეორე სასარჩელო მოთხოვნა იყო ასეთი 2019 წლის 3 სექტემბრიდან 2021 წლის 9 მარტამდე პერიოდში მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2387 ლარის ოდენობით მომხდარიყო.

2021 წლის 9 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე გადაუხდელი ნასყიდობის საფასურის წლიური 8.8%-ის გადახდას ვფიქრობდით და ესეც სრულად დაკმაყოფილდა. საპროცენტო ხარჯები, საპროცესო ბაჟი და იურიდიული მომსახურების საფასური ესეც სრულად „კარფურს“ დაეკისრა.

ამის საპირისპიროდ „კარფურს“ ჰქონდა შემოტანილი შესაგებელი და ამბობდა, რომ ეს თანხა გარკვეული მარკეტინგული მომსახურების საფასურში უნდა გაექვითა. ჩვენი მთავარი სადავო საკითხი ეს იყო, რომ გაქვითვის უფლება მათ არ ჰქონდათ. „კარფურის“ მხრიდან საპირისპირპო მოთხოვნები წარმოშობილი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მიწოდებული საქონლის საფასურის გადახდა „კარფურისთვის“ დაეკისრებინა“, - განმარტა ალექსანდრე ნაჭყებიამ.

იურისტი ამბობს, რომ კომპანია „გრანდის“ მიერ მოგებული დავა, სხვა კომპანიებისთვის მაგალითი იქნება, რადგან ყველა კონტრაქტორს „კარფურთან“ ხელშეკრულება ანალოგიური პირობებით აქვს გაფორმებული.

„სასამართლოს კონკრეტული დასაბუთება არ ვიცით, მაგრამ ვიღებთ იმ შედეგს, რომ ჩვენი კლიენტი თანხას მიიღებს და როგორც მინიმუმ მიიღებს იმ განმარტებას, რომელსაც ყველა ის კომპანია გამოიყენებს, რომელსაც „კარფურთან“ დავა აქვს წამოწყებული, რადგან ყველა კომპანიას ანალოგიური ხელშეკრულება აქვს გაფორმებული „კარფურთან“, - აღნიშნა ნაჭყებიამ და დასძინა, რომ დღეისთვის მას სასამართლოში სამი სარჩელი აქვს წარდგენილი, აქედან ერთი მორიგებით სრულდება, ორი კი განხილვის საგანია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, BM.GE-მ "კარფურს" მიმართა და მათ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის „კარფურის“ გენერალური დირექტორის კრისტოფ ორსეს განცხადებით, „კარფურის“ წინააღმდეგ ზოგიერთი მომწოდებლის მხრიდან სარჩელი არსებობს, თუმცა ის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, რადგან ეს საქმეები სასამართლოში განიხილება. ამის შესახებ მან #Forbesკვირის წამაყვან გიორგი ისაკაძესთან საუბრისას განაცხადა.

სრულად ინტევიუს ნახვას BM.GE-ზე შეძლებთ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები