მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ჰერჩინსკი საგარეო უწყებას შეხვდა - საელჩო

ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა. შეხვედრის მთავარი მიზანი „გრანტების შესახებ“ კანონში ახლახან წარდგენილი ცვლილებების პაკეტის გამო ევროკავშირის სერიოზული შეშფოთების გამოხატვა იყო.

ევროკავშირის საელჩოს ინფორმაციით, ელჩმა შეხვედრის თხოვნით სამინისტროს 11 თებერვალს მიმართა, თავად შეხვედრა კი დღეს, 12 თებერვალს შედგა.

მათივე ცნობით, პაველ ჰერჩინსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებების ამ სახით დამტკიცება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საქართველოში სამოქალაქო სივრცესა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას.

"შეხვედრის მიზანი იყო გრანტების შესახებ კანონსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ახლახან წარდგენილ ცვლილებების პაკეტის შესახებ ევროკავშირის სერიოზული შეშფოთების გამოთქმა. პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებების ამ სახით დამტკიცება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საქართველოში სამოქალაქო სივრცესა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ზომები შეუთავსებელია საქართველოს მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან და ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო.

ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებებმა შეიძლება პირდაპირ და უარყოფითად იმოქმედოს საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების მუშაობაზე, რაც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებსა და პრინციპებს.

საქართველოს მხარემ, ასევე, ევროკავშირის სანქციების საკითხი წამოჭრა. ევროკავშირის ელჩის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკომისიის მიერ 6 თებერვალს შეთავაზებული სანქციების მე–20 პაკეტს ამჟამად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები განიხილავენ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვლენათა განვითარებასთან დაკავშირებით კონტაქტი გაგრძელდება", - წერს საელჩო.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე საქართველოს პოზიცია გააცნო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულებისა და მათი გვერდის ავლის პრევენციის მიმართულებით ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. საგარეო უწყების განცხადებაში არაფერი წერია ჰერჩინსკის მიერ გადაცემულ შეშფოთებაზე.

უწყების ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ევროკავშირის წარმომადგენელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ტვირთებისა და გემების გადაადგილების მონიტორინგის, სანქცირებული ობიექტების გამოვლენის, ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული აქტივობების გამოაშკარავებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულების შესახებ. სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული მონაცემები რეგულარულად ეგზავნება საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებს.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ყულევის ნავსადგურის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით „დაუსაბუთებელს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ პორტში სანქციების დარღვევის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მხრიდან ყულევის ნავსადგურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით კითხვები ან ოფიციალური შენიშვნები არ მიუღიათ.

სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები გადაწყვეტილებების მიღებისას გაითვალისწინებენ საქართველოს მიერ განხორციელებულ ქმედებებს და არ დააზიანებენ კასპია–შავი ზღვა–ევროპის სტრატეგიულ კორიდორსა და „შუა დერეფნის“ ინიციატივას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები