სახელმწიფო არასტანდარტულ ვაშლს წელსაც დაასუბსიდირებს, ამ მიმართულებით ბიუჯეტი გაიზარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, თუ გასულ წელს პროგრამისთვის 4 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, წელს არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება ბიუჯეტს 5 მლნ ლარი დაუჯდება. გორში საკოორდინაციო ჯგუფმა, რომელიც მომდევნო რამდენიმე თვეში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულ ჩაბარებას უზრუნველყოფს, მუშაობა უკვე დაიწყო.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიებიც, რომლებიც 2023 წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან.
წელს ვაშლის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 120 000 ტონაა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სავარაუდოდ 50 000 ტონა არასტანდარტული ვაშლის გადამუშავება იგეგმება, ანუ მოსავლის თითქმის ნახევრის დასუბსიდირება სახელმწიფოს მიუწევს.
კომპანია “აჩინებულის” დამფუძნებლის გოჩა ღვინეფაძეს თქმით, არასტანდარტული ვაშლის სუფსიდირება მოკლევადიან პერსპექტივაში კარგია, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში როგორც ფერმერზე, ისე სახელმწიფოზე უარყოფითად იმოქმედებს. ამასთან, როგორც მან გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას აღნიშნა, სუბსიდირება ხელს შეუწყობს გლეხებს დაკმაყოფილდნენ მოცემულობით და არ იფიქრონ შემდეგ განვითარებაზე.
“წელს, ამინდიდან გამომდინარე არასტანდარტული ვაშლის წილი საკმაოდ გაიზარდა, საწყის ეტაპზე სუბსიდირება აუცილებელია, თუმცა გრძელვადიან ეტაპზე ეს ფერმერებს განვითარებაში ხელს შეუშლის. გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფომ ყურადღება უნდა გადაიტანოს არა სუბსიდირებაზე, არამედ ვაშლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. სჯობს ყურადღება გადავიდეს ინდივიდუალურად ფერმერებთან მუშაობაში გამოცდილებაზე, აუცილებელია ფერმერებმა იფიქრონ თავის განვითარებაზე და გააშენონ ახალი ბაღები, დანერგონ ახალი ტექნოლოგიები და ა.შ.”, - განაცხადა მან.
ამასთან, “აჩინებულის” დამფუძნებელმა ახალი ბაღების განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან კარგი პროცესია, თუმცა აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება იმ ძველ შემორჩენილ ბაღებს, რომლის წილი და რაოდენობაც ბაზარზე საკმაოდ დიდია.
“სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალი ბაღების განვითარებაზე მუშაობს, ის ბაღები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებით გაკეთდა, დღეს უკვე ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს და იმპორტირებულ ვაშლს გაცილებით ჯობს, თუმცა მაინც რჩება მცირე ბაღები, ძველი ჯიშები და ნერგები, ამიტომ საჭიროა ეს ყველაფერი განახლდეს და ამ ხალხს დავეხმაროთ, როგორც თეორიული ცოდნის შეძენაში, ისე ახალი ინოვაციური ტექნიკით. უნდა მოხდეს ამ ბაღების გამსხვილება, ახალი ჯიშების და ახალი ტექნოლოგიების შემოტანა. ბევრი პროგრამაა, მაგრამ დღესდღეობით არის პროცედურული საკითხები, რომელსაც ყველა ფერმერი ვერ აკმაყოფილებს. არის ბანკთან ურთიერთობებში პრობლემები და სწორედ ამ მხრივ უნდა დაეხმაროს მათ სახელმწიფო, რათა გლეხებს ეს პროცესები გაუმარტივდეთ”, - დასძინა მან.