"ნატურალურ წვენებზე მოთხოვნა ძალიან მზარდია. თუმცა, ისეთ დღეშია ქართული წარმოება და ქსელურ მარკეტებში გადასახადები იმდენად დიდია, რომ ქართული ბაზრის ათვისების ინტერესს ვკარგავთ", - ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანია “აჩინებულის” დამფუძნებელმა, გოჩა ღვინეფაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ზოგადად ქართული წარმოება არაერთი გამოწვევის წინაშე დგას.
"გამოწვევები წარმოებაში ყოველთვის არის. ჩვენთვის, გამოწვევად რჩება ქსელური მარკეტები და მათი გადასახადები, რომელიც ძალიან მაღალია. ვფიქრობ, ამხელა გადასახადები მხოლოდ საქართველოშია. ამასთან, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ბანკი, რომლის საბანკო პროცენტი ძალიან დიდია, რაც ბიზნესისთვის დიდი პრობლემაა.
არცერთ ქვეყანაში არ არის ამხელა პროცენტი. შესაბამისად, როგორ გინდა, რომ ამ პროცენტით სხვა საერთაშორისო კომპანიებს კონკურენცია გაუწიო",- აცხადებს ბიზნესმენი.
ღვინეფაძეს ცნობით, ბიზნესებს დანადგარების თუ შესაფუთი საშუალებების შეძენა ევროპაში უწევთ, შემდეგ კი პროდუქციას ევროპაში გზავნიან. შესაბამისად, ევროპული კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევა ძალიან რთულია. გარდა ამისა, ევროპაში საქართველოსგან განსხვავებით ნედლეული ბევრად მეტია.