ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანად 600-ზე მეტი სოციალურად დაუცველი დასაქმდა.
მან სახელმწიფო პროგრამის შედეგების შესახებ BMG-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. მინისტრის მოადგილის თქმით, ახლა მოხდება შეფასება, მათ შორის რამდენი ადამიანი დასაქმდა კერძო სექტორში.
"ზოგადად, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეს იყო ოთხწლიანი პროგრამა, ეს არ იყო ათწლეულებზე გაწერილი პროგრამა. მის რეალიზაციისთვის 370 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, ეს არის საკმაოდ დიდი თანხა. ახლა ჩვენ შედეგებზე უნდა ვიმსჯელოთ, ხარვეზების გამოსწორებაზე უნდა ვიმსჯელოთ. ხალხის აქტიური დასაქმების უამრავი ალტერნატივა არსებობს და ეს ალტერნატივები საზოგადოებას უნდა შეეთავაზოს.
ეს პროგრამა ამ წლის თებერვალში დასრულდა, სულ ერთი-ორი თვეა გასული. ვიწყებთ ახლა სურათის შესწავლას. რაც გვაქვს ამ ეტაპზე რეგიონებიდან მონაცემები, ქალაქებიდან, მუნიციპალიტეტებიდან, 600-ზე მეტი ადამიანი დაიტოვეს ადგილებზე, როგორც ჩანს ამ ადამიანების უნარები მოეწონათ და ეს ამ ადამიანებისთვის - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის განვითარების, ღირსეული სამუშაოს მოძიების, დასაქმების ძალიან დიდი შანსია. ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურებიდან გვაქვს მოძიებული, სადაც იყო შესაბამისი ვაკანსიები, ეს ვაკანსიები იყო შეთავაზებული და აქ აიყვანეს ეს ადამიანები. ახლა უნდა დავიწყოთ და დაწყებული გვაქვს უკვე იმ ადამიანების აღრიცხვა, ვინც თავისი ადგილი იპოვა მათ შორის კერძო ბიზნესშიც და ასეთებიც, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, არის საკმაოდ ბევრი. საერთო სურათი როგორც კი გვექნება, რა თქმა უნდა, ამას საზოგადოებას გავაცნობთ",- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
კითხვაზე, რამდენად ეფექტური იყო პროგრამა, გიორგი ცაგარეიშვილი ასე პასუხობს: "ჩემი აზრით, გარკვეულწილად ეფექტური იყო, იმიტომ რომ ღია შრომის ბაზარზე ათასობით ოჯახი გამოვიდა. თქვენ იცით ჩვენ ჯავშნის შექმნის უფლება მივეცით ოჯახებს და მათ შორის იმიტომაც არ ხდებოდა ამ ოჯახების გადამოწმება, ოთხწლიანი ჯავშნები იყო. ზოგიერთი გასულ წელს ჩაერთო ამ პროგრამაში და ანუ ეს ადამიანი იქნება დაუცველთა სიაში კიდევ ოთხი წელი, შემწეობას მიიღებს ყველა შემთხვევაში. ადამიანები უბრალოდ სააშკარაოზე გამოჩნდნენ, კარგი გაგებით ვამბობ და გამოამზეურეს თავიანთი შემოსავლები, გენერირება მოახდინეს ამ შემოსავლების და ათობით მილიონი ფაქტობრივად ლეგალურად გამოჩნდა ჩვენს შრომით ბაზარზე და საქართველოს ეკონომიკისთვის ეს მე ვფიქრობ, საკმაოდ დიდი შვება იყო.
მეორე ნაწილი ეხება ამ ადამიანების უნარ-ჩვევების დახვეწას და განვითარებას. ამ მიმართულებით რა თქმა უნდა ბევრი რამ გაკეთდა და კიდევ ძალიან ბევრი რამ უნდა გამოსწორდეს და გაკეთდეს. აი ყველა ის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო, შეიძლება ეს არ იყოს სრულად საკმარისი, მაგრამ გარკვეულწილად აღმოფხვრის ამ ჩამორჩენებს", - აღნიშნა მან.
„საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“ ხორციელდებოდა 2022 წლის პირველი მარტიდან. ის მოსარგებლეებს სთავაზობდა სამ ალტერნატივას (საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამა, დასაქმების ფორმალიზება, ღია შრომის ბაზარზე დასაქმება) იმისთვის, რომ 4 წელი ესარგებლათ საარსებო შემწეობით სტატუსის გადამოწმების გარეშე. დასაქმებულები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 300 ლარს იღებდნენ ანაზღაურების სახით. 2025 წელს პროგრამის ბიუჯეტი 112.8 მლნ ლარი იყო, 2024 წელს - 109 მლნ ლარი, 2023 წელს - 107,3 მლნ, 2022 წელს კი 48.1 მლნ ლარი.
2025 წელს საზოგადოებრივ სამუშაოზე 28 686 სოცდაუცველი დასაქმდა - პროგრამის შედეგები




























