მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გრძელვადიანი ინდიკატორების ანალიზს მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ" - ოთარ ნადარაია ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენაზე

ოთარ ნადარაია

თიბისი ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირებისა და მისი შესაძლო ეკონომიკური შედეგების შესახებ ისაუბრა. ნადარაიას თქმით, საერთაშორისო ბაზრები ამ ეტაპზე კონფლიქტის შედარებით მოკლევადიან პერსპექტივას განიხილავენ.

ოთარ ნადარაიას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ესკალაციის საფრთხე არსებობს, საერთაშორისო ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ შოკი მოკლევადიანი იქნება და დაახლოებით ერთიდან თვენახევრამდე გაგრძელდება.

„საიდან ჩანს ეს? მაგალითად, ნავთობის ფასების პროგნოზებიდან. მთავარი კითხვა არის, როდის ეცემა ნავთობის ფასი, რაც თავის მხრივ, დამოკიდებულია კონფლიქტის დასრულების ვადებზე. ეს გვიჩვენებს, რომ ბაზრები უფრო მოკლევადიანად აღიქვამენ შოკს“, - აღნიშნა ნადარაიამ.

მთავარი ეკონომისტი ინვესტორებს მოთმინებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მოკლევადიან მერყეობებზე მეტად, ყურადღება გრძელვადიან ინდიკატორებს უნდა დაეთმოს. მაგალითისთვის მან უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ევროს კურსის ცვლილება მოიყვანა.

"ჩვენი კვლევების გამოცდილებიდან გამომდინარე, ვცდილობთ ერთგვერდიანი ან სუბიექტური დასკვნებისგან თავი შევიკავოთ.

რაც მთავარია, უნდა ვახსენოთ მოთმინების მნიშვნელობა. ამერიკელ ინვესტორს, უორენ ბაფეტს, ჰკითხეს მისი წარმატების მთავარი ფაქტორი რა არის, მან უპასუხა, მოთმინება. მიზეზი მარტივია, ბაზრებზე რისკი გარკვეულწილად უკვე აისახება, ამიტომ მოკლევადიან მერყეობებს უნდა ვუყუროთ, ხოლო გრძელვადიანი ინდიკატორების ანალიზს მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ.

მაგალითად, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ევრო მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ეს რისკი ბაზრებში უკვე ჩადებული იყო, მაგრამ ბევრმა ფინანსურმა კომპანიამ გაითვალისწინა ახალი ამბების ნეგატიური გავლენა და დამატებით ისესხა ევროში, როცა კურსი 0.96–0.97-ის ფარგლებში იყო. შედეგად, შემდეგ ევრო გამყარდა, ხოლო სესხი, ბუნებრივია, გაძვირდა. ეს ეპიზოდური მაგალითია, მაგრამ მსგავსი ეპიზოდების მთელი ჯამი ქმნის ბაზრის რეალურ მოძრაობას", - განაცხადა ოთარ ნადარაიამ "ბიზნესის კვირეულში".

ოთარ ნადარაია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბიზნესის დაკრედიტების ვალუტას და კომპანიებს დივერსიფიკაციისკენ მოუწოდებს.

"ყოველდღიურ შეფასებებში ჩვენი მიზანია ბაზრის სენტიმენტები დავიჭიროთ, რისთვისაც მუდმივად ვეყრდნობით უახლეს ინფორმაციას. ბოლო პერიოდში დეპოზიტების დოლარიზაცია სწრაფად იზრდება, რაც ბაზრის აქტიურ კონვერტაციებზე მიანიშნებს. თუმცა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვითარება შედარებით დასტაბილურდა, რამაც არსებული სენტიმენტები გაანეიტრალა.

ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, არის ბიზნესის დაკრედიტების ვალუტა. არასდროს ვურჩევთ სესხის აღებას მხოლოდ ერთ ვალუტაში, იქნება ეს ლარი თუ უცხოური ვალუტა. სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებისას ბიზნესმა აუცილებლად უნდა გააანალიზოს მაკროეკონომიკური გარემო და სხვადასხვა სცენარი. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები კონკრეტულ პირობებში.

მაქსიმალური დივერსიფიკაცია ნებისმიერ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია. უცხოური ვალუტის წილობრივი გადანაწილების დროს, მაგალითად, თუ პორტფელში დოლარი და ევროა, ლარის წილი შედარებით მცირე შეიძლება იყოს. თუმცა, როცა საქმე უფრო სპეციფიკურ წყვილებს ეხება (მაგალითად, ევრო-იუანი), ლარის როლი იცვლება. საბოლოო ჯამში, უცხოური ვალუტის გონივრული რაოდენობა ნაწილობრივ ლარის პოზიციების დაზღვევადაც გვევლინება, განსაკუთრებით მაშინ, როცა რესურსი იაფია", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები