მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„გრძელვადიანი საავიაციო სტრატეგიის შემუშავებისას საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია“

60b5fd0851041
ვიქტორია მღებრიშვილი
01.06.21 22:44
600
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ ავიაციის დარგის განვითარების მნიშვნელობასა და მისი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ქვეყანას ავიაციის დარგის განვითარების კონკრეტული ხედვა და გეგმა სჭირდება. „მე არ ვიტყოდი, რომ ის არ არის. რა თქმა უნდა, ადგილზეა, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის იქნება გაცხადებული“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, გრძელვადიანი საავიაციო სტრატეგიის შემუშავების პროცესში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი იქნება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ორმხრვი თანამშრომლობის პროცესია, სადაც კერძო სექტორის ხედვები უნდა იყოს გათვალისწინებული და საბოლოო ჯამში, მიღწეულ იქნას, რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორის ხედვები ერთმანეთს ემთხვეოდეს, რადგან ეს საერთო ინტერესებია.

„არ წარმომიდგენია, სახელმწიფომ შეიმუშაოს ნებისმიერი ინდუსტრიის გრძელვადიანი, ან თუნდაც მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა და ამ გეგმის შემუშავების ნაწილი არ იყოს კერძო სექტორი“, - აღნიშნა მან.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყნის გრძელვადიანი საავიაციო სტრატეგია ამ ინდუსტრიაში პოტენციური ინვესტორებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ერთგვარი გარანტია, რადგან ეს მკაფიო და ნათელი გზაა, თუ რისკენ ისწრაფვის ქვეყანა კონკრეტული ინდუსტრიის განვითარების კუთხით.

„ჩვენ დიდი მზაობა გვაქვს, რომ საავიაციო პოლიტიკის, გრძელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრა მოხდეს, ამ პროცესში დიდია კერძო სექტორის როლი. მათ შორის ჩვენ შიგნით გვაქვს მსჯელობა, რომ ამ პროექტის ფარგლებში ცალკე ასევე აეროპორტების განვითარების გრძელვადიანი ხედვა შემუშავდეს და ჩვენ უკვე გვაქვს საუბრები სტრატეგიულ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მათი დახმარებით ამ პროექტზე მუშაობის დაწყება სწრაფად მოხდეს. ავიაციაზე საუბრისას უნდა გვესმოდეს, რომ ავიაცია არცერთი, მათ შორის არც ჩვენი ქვეყნისთვის არ არის ცალკე მდგომი სექტორი. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვმსჯელობთ, რომ უნდა შემუშავდეს სტრატეგია, რომელიც გრძელვადიან გეგმას მოემსახურება და აღსრულება სტრატეგიის ფარგლებში მოხდება, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაზე და რა თქმა უნდა, თავად ტრანსპორტის სექტორზე. ეს იქნება პირდაპირ გადმოთარგმნილი იმ შემოსავლებში, რასაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე მიიღებს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ სექტორების განვითარების ახალ იდეებში ასევე სტრუქტურული ცვლილებები, თავად უწყებების გაძლიერება იგულისხმება. „იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ უფრო მეტად ქმედითუნარიანი და ჩვენი შედეგები იყოს დათვლადი, ხელშესახები და რა თქმა უნდა, კერძო სექტორთან კოორდინირებული“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები