ჯანდაცვის მინისტრი მიხეილს სარჯველაძე ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ პასუხისმგებლობაზე საუბარს თავს არიდებს და ირწმუნება, რომ საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი.
BMG დაინტერესდა, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, რაზეც მან პირდაპირი პასუხი არ გასცა და გაიმეორა პრემიერის განცხადება, რომ საზოგადოებამ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება არასწორად გაიგო და საქართველო მომდევნო 4 წელში ყველაფერს გააკეთებს, რომ მაღალი ტემპით შესრულდეს ევროინტეგრაციით ნაკისრი ვალდებულებები.
მისივე თქმით, პასუხისმგებლობის აღებაზე საუბარი, აბსოლუტურად უსაგნო და უსაფუძვლოა.
"დღევანდელი მდგომარეობა რამ განაპირობა, ძალიან მარტივია ამის ახსნა. რეალურად, მე მგონია, რომ საზოგადოება მნიშვნელოვანწილად შეცდომაშია შეყვანილი, აი ამან განაპირობა. ვინ განაპირობა არასწორი ინტერპრეტაციების გავრცელებით ის, რომ საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი, ვფიქრობ, უპირველესად ამაზეა სასაუბრო. როდესაც გაირკვევა და ბუნდოვანება გაიფანტება, ყველასთვის ნათელი გახდება, ვინმეს პასუხისმგებლობის აღებასა და არ აღებაზე საუბარი, აბსოლუტურად უსაგნო და უსაფუძვლოა",- განაცხადა სარჯველაძემ.