მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

GREA მომავალ წელს საქართველოში უძრავი ქონების ფასის 5%-იან ზრდას ელის

ნინო აბსანძე

„საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოში" (GREA) 2026 წელს უძრავ ქონებაზე ფასების 5%-იან ზრდას ელიან. თემაზე კომპანიის დამფუძნებელმა ნინო აბსანძემ BMGTV-ს გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა.

GREA-ს დამფუძნებელმა გადაცემაში TBC კაპიტალის მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ 2025 წელს, უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი 3%-ით გაიზარდა და $1,284-ს მიაღწია. მისი თქმით, ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ ბაზარზე ფასების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და მომავალ წელს, საშუალო ფასი კიდევ დაახლოებით 5%-ით მოიმატებს.

"ფასების ზრდას ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს - სამშენებლო მასალების გაძვირება, მშენებლობის ხარჯების ზრდა და მიწის ნაკვეთის დეფიციტი პირდაპირ აისახება უძრავი ქონების თვითღირებულებაზე. მაგალითად, საცხოვრებელი უძრავი ქონების ინდექსში, წელს, 10%-იანი ზრდა ფიქსირდება“, - განმარტავს „საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს“ დამფუძნებელი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარმა ბოლო წლებში გარკვეული ტურბულენტური პერიოდი გაიარა, მიმდინარე წელი შედარებით სტაბილური აღმოჩნდა და პოზიტიური დინამიკა კვლავ შენარჩუნებულია: „წელს პროცესები დინამიკურად წარიმართა და ვფიქრობ, მომავალ წელსაც დაახლოებით 5%-იანი ზრდა გვექნება ფასების მიმართულებით“, - ამბობს აბსანძემ.

მან ასევე ისაუბრა საინვესტიციო ტენდენციებზე და აღნიშნა, რომ უძრავი ქონება კვლავ ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და სტაბილურ ინვესტიციად რჩება საქართველოში.

„ინვესტიცია ყოველთვის უფრო მოგებიანია, როცა პროექტი საწყის ეტაპზეა. სწორედ ამ დროს ჩნდებიან აქტიური საინვესტიციო მყიდველები. თუმცა, კარგი უძრავი ქონება ყოველთვის ფასობს”, - აღნიშნა მან.

როგორც “საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს” დამფუძნებელი აცხადებს, მომდევნო წლებში საინვესტიციო პოტენციალის თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო უბნად ორთაჭალა გამოიყურება: „ორთაჭალა ფაქტობრივად ძველი თბილისის გაგრძელებაა - იქ საინტერესო შესაძლებლობები ჩნდება, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მყიდველებისთვის“, - თქვა ნინო აბსანძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები