საინვესტიციო ჰოლდინგ Berkshire Hathaway-ს ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, გრეგ აბელმა თანამდებობის დაკავებიდან სამი თვის თავზე ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომლისგანაც უორენ ბაფეტი ათწლეულების განმავლობაში იკავებდა თავს.
გრეგ აბელის ინიციატივით, ჰოლდინგი გეოპოლიტიკურ თამაშში ჩაერთო და შეუერთდა აშშ-ის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ სადაზღვევო სინდიკატს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში მოძრავ გემებს აზღვევს. აღსანიშნავია, რომ ეს რეგიონი ამჟამად მსოფლიოში ყველაზე სახიფათო საზღვაო დერეფნად მიიჩნევა. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ინფორმაციით, Berkshire Hathaway სხვა მსხვილ მზღვეველებთან ერთად, როგორებიცაა AIG და Travelers, $40-მილიარდიანი პროგრამის ნაწილი გახდა.
ცხადია, ეს ნაბიჯი პირდაპირ კავშირშია ენერგეტიკულ კრიზისთან, რადგან გლობალური ნედლი ნავთობის დაახლოებით 20% სწორედ აქ გადის. ირანის მიერ დაწესებული ბლოკადის, დრონების თავდასხმებისა და საზღვაო ნაღმების საფრთხეების გამო, სრუტის ორივე მხარეს ნებართვის მოლოდინში 2,000-მდე ტანკერი და გემი დგას.
გრეგ აბელის მმართველობის პირველი სამი თვე არაერთი რადიკალური ცვლილებით გამოირჩევა. მაგალითად, მან განაახლა აქციების უკან გამოსყიდვის პროცესი, საკუთარი ხელფასი სრულად კომპანიის ფასიან ქაღალდებში დააბანდა და იაპონურ სადაზღვევო გიგანტში $1.8 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა. თუმცა, ჰორმუზის სრუტის სადაზღვევო პროგრამაში ჩართვა აბელის სტრატეგიის ყველაზე სარისკო ნაწილად მიიჩნევა.
მიუხედავად იმისა, რომ უორენ ბაფეტი კვლავ რჩება კომპანიის თავმჯდომარედ, ექსპერტთა შეფასებით, ეს გადაწყვეტილება Berkshire Hathaway-სთვის ახალი, უფრო აგრესიული რისკების მართვის ეპოქის დასაწყისს ნიშნავს.
ცნობისთვის, ამერიკული სინდიკატი გემების მფლობელებს სთავაზობს ომის რისკებისგან დაზღვევასა და ტვირთის დაცვას, რაც მანამდე ამ რეგიონში მომუშავე კომპანიებისთვის ხელმიუწვდომელი იყო. თავად ეს პროგრამა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანებით არის შექმნილი და ის იმ გემებს დააზღვევს, რომელთაც საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიები სერვისებს აღარ აწვდიან.




























