გრიგოლეთი ქობულეთის ავტომაგისტრალის დარჩენილი 3-კილომეტრიანი მონაკვეთი 2025 წელს გაიხსნება - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში BMG-ის წერილობით განუცხადეს.
გზის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის კონტრაქტი 2018 წლის 3 დეკემბერს თურქულ საინჟინრო კომპანია Polatyol & Mapa-სთან გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულება 229 მილიონ ლარს შეადგენს და მისი მიხედვით გზის მშენებლობა 24 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მასზე საგზაო მოძრაობა ამ დრომდე არაა დაწყებული.
გზის აღნიშნული მონაკვეთის მთლიანი სიგრძე 14 კილომეტრს შეადგენს, საიდანაც 5 კილომეტრი 2022 წელს გაიხსნა, მას 2023-ში დაემატა 6-კილომეტრიანი მონაკვეთი, თუმცა კვლავ დარჩენილია 3-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც აღნიშნული გზის ყველაზე რთულ ნაწილს - მდინარე სუფსაზე ახალ ხიდს მოიცავს. გზის მშენებლობა EIB-ის მიერ ფინანსდება.
ერთი წლის წინ - 2024 წლის 15 მარტს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ ამ მონაკვეთზე პროგრესი დაბალი ტემპით მიმდინარეობდა და როგორც კონტრაქტორ კომპანიას, ასევე მის საზედამხედველო კომპანია TEMELSU-KOCKS-ს გააქტიურებისკენ მოუწოდა.
“არის გამოწვევები 3 კმ-იან მონაკვეთზე, რის გამოც კონტრაქტორ და საზედამხედველო კომპანიებს მოეთხოვათ შესაბამისი მობილიზაციისა და რესურსების გაზრდა. გეგმა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია გულისხმობს აღნიშნული მონაკვეთის წელს დასრულებას,“ - 2024 წელს განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის პასუხში არაა მითითებული თუ რომელ თვეს არის დაგეგმილი გზის ამ მონაკვეთის გახსნა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ Polatyol & Mapa-მ გზის კიდევ ერთი პროექტი - ბათუმის შემოვლითი მაგისტრალიც მნიშვნელოვანი ვადაგადაცილებით ააშენა. 330-მილიონიანი 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის კონტრაქტი 2017 წლის აგვისტოში გაფორმდა და ის 4-წლიანი ვადაგადაცილებით, 2024 წლის ოქტომბერში გაიხსნა.
გრიგოლეთი-ქობულეთის გზის დარჩენილი მონაკვეთის რუკა: