როგორც Rockstar-ის მფლობელი კომპანიის, Take Two Interactive-ის მე-4 კვარტალის ფინანსური ანგარიშიდან ვიგებთ, ვიდეოთამაშების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრენჩაიზის, Grand Theft Auto-ს მეექვსე ნაწილი დღის შუქს 2025 წლის შემოდგომაზე იხილავს. კონკრეტულად როდის გამოვა ეს ვიდეოთამაში და სხვა დეტალები, ამ ეტაპზე უცნობია.
იმ მკითხველს, რომელსაც GTA-ის შესახებ არაფერი გაუგია შეიძლება გაუჩნდეს შეკითხვა, თუ რატომ არის ეს თამაში ასეთი მნიშვნელოვანი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ მარტივია, რადგან ამ თამაშმა, რომლის პირველი ვერსია Rockstar-მა ჯერ კიდევ 1997 წელს გამოუშვა, ვიდეოთამაშების ბაზარზე ნამდვილი გადატრიალება მოახდინა და ეს ეფექტი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რიცხვებითაც დასტურდება. ამ დრომდე, GTA-ის ფრენჩაიზის თამაშების 410 მილიონ ეგზემპლარზე მეტი არის გაყიდული, რაც უბრალოდ წარმოუდგენელი მაჩვენებელია
GTA 6-ის კულტურულ მნიშვნელობას ისიც უსვამს ხაზს, რომ YouTube-ზე გამოქვეყნებულ ტრეილერს, ამ დრომდე, 190 მილიონი ნახვა აქვს, თანაც ეს იმის ფონზე, რომ თავდაპირველად, ტრეილერი სხვა გვერდმა გაავრცელა. კუმულაციურად კი, ტრეილერი რამდენიმე ასეულმა მილიონმა ადამიანმა ნახა. თავად თამაში კი 2025 წელს გამოვა და თავდაპირველად Playstation 5-ზე და Xbox-ის კონსოლებზე იქნება ხელმისაწვდომი, მოგვიანებით კი, სავარაუდოდ, PC-ზეც გამოჩნდება.
აქვე, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ ვიდეოთამაშების გლობალურ ინდუსტრიაზე, რომელმაც, სხვადასხვა ინფორმაციით, 2022 წელს 400 მილიარდი დოლარის შემოსავალი დააგენერირა. ეს მაჩვენებელი, ცხადია, ისევე, როგორც ინდუსტრიის ზომა და მასში ჩართული ადამიანების თუ კომპანიების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ინდუსტრიის შემოსავლის უდიდესი ნაწილი მობილურ თამაშებზე მოდის, მეორე ადგილს კონსოლები იკავებს, მესამეს კი - პერსონალური კომპიუტერები. წლებთან ერთად, მოსალოდნელია ინდუსტრიის ზრდა და როგორც ექსპერტები პროგნოზირებენ, 2032 წლისთვის, ბაზრის ზომა 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.