ვიდეოთამაშების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრენჩაიზის, Grand Theft Auto-ს შემქმნელი კომპანიის, Rockstar-ის თქმით, GTA VI-ის პირველი პრომო, ანუ ე.წ. "ტრეილერი" დეკემბერში გამოჩნდება. როგორც Rockstar-ის პრეზიდენტი, სემ ჰოუზერი კომპანიის ოფიციალურ ბლოგში წერს, პრომოს გამოსვლა კომპანიის 25 წლის იუბილეს დაემთხვევა.
გარდა იმ გავლენისა, რომელიც Grand Theft Auto-მ ვიდეოთამაშების ინდუსტრიაზე და გეიმერების ცხოვრებაზე მოახდინა, ამ ფრენჩაიზის ვიდეოთამაშების გამოშვებამ Rockstar Games-ს დიდძალი ქონების მოგროვების საშუალება მისცა. 2023 წლის აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოში GTA-ის სხვადასხვა თამაშების 405 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა და გენერირებულმა შემოსავალმა $8 მილიარდს გადააჭარბა. Grand Theft Auto-ს ყველაზე დიდი წარმატება, ამ დრომდე, 2013 წელს გამოშვებული GTA V იყო, რომელიც 185 მილიონჯერ შეიძინეს.
გამომდინარე იქიდან, რომ ღია სამყაროს მქონე სათავგადასავლო ჟანრის ვიდეოთამაშები, დიდწილად, სწორედ Grand Theft Auto-სთან ასოცირდება, Rockstar-ის მიერ ახალი თამაშის გამოშვებას ელოდებიან, როგორც გეიმერები, ასევე ინვესტორები, ტექნოლოგიური კომპანიები და სხვა ვიდეოთამაშების დეველოპერები, რადგან Rockstar-ი ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომელიც ინდუსტრიაში კანონებს აწესებს.
GTA-ის ფრენჩაიზი ვიდეოთამაშების ამერიკულ სტუდიას, Rockstar Games-ს ეკუთვნის, რომელიც 1998 წელს, ნიუ-იორკ-სიტიში დაფუძნდა. თავად Rockstar-ი კი, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის, Take-Two Interactive-ის შვილობილია - ის საჯარო კომპანიაა და მისი აქციები NASDAQ-ის ტექნოლოგიურ ბირჟაზე ივაჭრება. Take-Two Interactive-ის ერთი აქცია დღეს 146 დოლარის ფარგლებში ივაჭრება, ხოლო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $24 მილიარდს აღემატება.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.