ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი ერთ კვირაზე მეტია გრძელდება. დღეს მაღაროელების საინიციატივო ჯგუფმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს წერილი გადასცა, სადაც ისინი „ოცნების“ არჩეულ პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს მიმართავენ და მდგომარეობის გასაცნობად ჭიათურაში ჩასვლას სთხოვენ.
„ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ, ჭიათურის მაღაროელები და სრულიად ჭიათურის მოსახლეობა, მოგმართავთ ღრმა შეშფოთებითა და დიდი იმედით.
გაცნობებთ, რომ 28 თებერვლიდან ვმართავთ საპროტესტო აქციებს კომპანიის – „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ. აღნიშნულმა კომპანიამ უხეშად დაარღვია კოლექტიური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ განახორციელა შეთანხმებული 60%-იანი დარიცხვა, რაც 3500 დასაქმებულის კეთილდღეობას პირდაპირ უქმნის საფრთხეს.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ არაკეთილსინდისიერად ეპყრობა როგორც დასაქმებულებს, ისე მთლიანად ჭიათურის მოსახლეობას. მისი უპასუხისმგებლო ქმედებები უკვე მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაში გვაგდებს. შედეგად, ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, მოვითხოვოთ კომპანიისა და მისი ინვესტორის ქალაქიდან გასვლა და სახელმწიფოს მიერ სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის მართვის კეთილსინდისიერი კონტროლი.
ამ და სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, გთხოვთ, როგორც საქართველოს პრეზიდენტსა და ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს, ჩამობრძანდეთ ჭიათურაში, რათა უშუალოდ გაეცნოთ ჩვენს მძიმე მდგომარეობას.
პატივისცემით, ჭიათურის მაღაროელები და სრულიად ჭიათურის მოსახლეობა“, - ნათქვამია წერილში.
ერთი კვირაა, რაც ჭიათურელები ქალაქის ცენტრში იკრიბებიან და „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას - თებერვლის ხელფასის დარიცხვას ითხოვენ. ისინი ასევე ცენტრალურ მთავრობასთან შეხვედრის მოთხოვნით გამოდიან. პროტესტის მონაწილეებს მთავრობასთან 5 მთავარი მოთხოვნა აქვთ, რომელთაგან უპირველესი ჭიათურის მაღაროების მთავრობის მართვაში გადაცემას გულისხმობს.
ცნობისთვის, 5 მარტს "ჯორჯიან მანგანეზმა" Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა დოკუმენტი "ჭიათურის კრიზისის ქრონოლოგია", რომლის დასკვნით ნაწილში ნათქვამია, რომ 2025 წლის თებერვალში კომპანიამ დასაქმებულებს ხელფასის 60% ვეღარ გადაუხადა. "ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების თვითღირებულების მუდმივმა ზრდამ და ხელფასების მატებამ კომპანია უკიდურეს კრიზისამდე მიიყვანა. წაგებიან კომპანიას ბანკებმა დამატებითი სესხების გაცემაზე უკვე უარი უთხრეს", - ნათქვამია დოკუმენტში.
BM.GE-მ შესაბამისი კითხვებით "ჯორჯიან მანგანეზს", საქართველოს მთავრობას, ასევე ეკონომიკის სამინისტროს მიმართა და მათ პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.




























