„გუდაური ცარიელია: არა ბატონებო, ცარიელი არაა და იმაზე მეტად სავსეა, ვიდრე წინა წელს", - ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ჰოტელიერი, „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი წერს. მისივე თქმით, კურორტზე რუსი ტურისტებიც არ ჭარბობენ. ამასთან, როგორც ჰოტელიერი ამბობს, გასული წლის 27 დეკემბრიდან, მიმდინარე წლის 6 იანვრამდე ყველა სასტუმრო ნომერი გაყიდული იყო იმაზე მაღალ ფასად, ვიდრე გასულ წელს.
რაც შეეხება მიმდინარე წლის 7 იანვრიდან 20-25 იანვრამდე მონაცემს, ზამთრის კურორტების ზოგადი ტენდენციაა, რომ ეს პერიოდი დაბალი დატვირთვით ხასიათდება და შესაბამისად, ხალხის მცირე ნაკადები და დაბალი ფასები შეინიშნება.
„წელს, ქვეყნების სტატისტიკას სპეციალურად ვაწარმოებ და მინდა გითხრათ, რომ დეკემბრის მონაცემებით, კურორტზე არაბთა საამიროები ჭარბობს. ამას მოსდევს დასავლეთ ევროპა, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, დანია, კვიპროსი, საფრანგეთი, ჰოლანდია. შემდეგ მოდის, აღმოსავლეთ ევროპა როგორიცაა ლიტვა, ლატვია და პოლონეთი. შემდეგ მოდის ქართველი დამსვენებლები, რომლებსაც რუსი და ბელორუსი ტურისტები მოსდევენ და ბოლოს ტურისტები ყაზახეთიდან, ინდოეთიდან, უკრაინიდან, ჩინეთიდან და ბაჰრეინიდან. ხოლო, თებერვლის თვის მონაცემები შეიცვლება.
რაც შეეხება ხაჭაპურის ღირებულებას, ხაჭაპურს გააჩნია, თორემ თბილისშიცაა ხაჭაპური 55 ლარად. გუდაურში საერთოდ დადიხართ? ზამთრის სასრიალო საკუთარი ეკიპირება რომ იყიდოთ, უკეთეს შემთხვევაში 2000 ლარი მაინც გჭირდებათ. ხოლო, რომ იქირაოთ 80-100 ლარი ჯდება. თბილისში, ბარში, კოქტეილში 35 ლარს რომ იხდით, როგორ შემოგბედეს გლინტვეინში 15 ლარი.
თუ არ სრიალებთ და გასეირნება გინდათ, ბაკურიანი უფრო ლამაზიცაა და იაფიც, ხოლო გუდაური მაღალმხარჯველი ტურისტებისთვის დავტოვოთ. ფული სახელმწიფო ბიუჯეტში შეგვაქვს, რაც თქვენს შემოსავლებზეც ირიბად და ნელ-ნელა აისახება.
ადამიანებს სხვა ქვეყანაში ფულის დახარჯვისკენ მოვუწოდოთ, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში, მარტივად რომ ვთქვა, არც სწორია, არც პატრიოტული.
პ.ს. ევროპაში, ნებისმიერ ზამთრის კურორტის ფასს რომ გადახედოთ, სანამ ქირქილს დაიწყებთ, ნახავთ რომ ფასი მინიმუმ ორმაგია. ხარისხზე ნუ შემეკამათებით, ერთი და იგივე სტანდარტის სასტუმროებს თუ შევადარებთ, ჩვენთან გაცილებით თბილი, მოწესრიგებული, სუფთა და მაღალხარისხიანია", - აცხადებს მურაჩაშვილი.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები გუდაურში ტურისტების სიმცირეზე საუბრობენ, ხოლო სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით მაღალი ფასების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.