ზამთრის სეზონი მთის კურორტებზე რამდენიმე კვირაში ოფიციალურად დასრულდება. სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები კი, სეზონთან დაკავშირებულ შედეგებზე საუბრობენ.
გუდაურში სეზონის დაწყებამდე სასტუმრო ბიზნესი სკეპტიკურად იყო განწყობილი, რადგან კურორტზე ყველაზე აქტიური სეგმენტი ისრაელის მოქალაქეები იყვნენ. ისრაელში განვითარებული საომარი მოქმედებებს შედეგად კი ტურისტულმა ნაკადებმა იკლო. თუმცა როგორც ჰოტელიერები bm.ge-სთან ამბობენ, გუდაურმა შეძლო და ისრაელელი დამსვენებელი ევროპელი და აზიელი ტურისტით ჩაანაცვლა.
Hotel Roshe Gudauri-ს მენეჯერის, მაია მურაჩაშვილის ინფორმაციით, გუდაურში 2024 წლის ზამთრის სეზონი განსაკუთრებულად ადრე დაიწყო და განთავსების ობიექტები დეკემბრის დასაწყისიდანვე აქტიურად იჯავშნებოდა.
სასტუმროს მენეჯერი იმასაც აღნიშნავს, რომ კურორტზე ჩატარებულმა საერთაშორისო ღონისძიებებმა გუდაურის ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდა.
„ისრაელის მოქალაქეები ევროპიდან და აზიიდან შემოსულმა ტურისტებმა ჩაანაცვლა. ჩემი სასტუმროს ჭრილში შემიძლია გითხრათ, რომ გუდაურში დანია, ნიდერლანდები, გერმანია, პოლონეთი აქტიურად გამოჩნდა. წელს სეზონი გაცილებით ადრე დაიწყო ვიდრე ამას ველოდით, 10-13 დეკემბრისთვის უკვე გაიხსნა სასტუმროები და ჯავშნები შემოდიოდა, ახალი წლის პერიოდში თითქმის ყველა განთავსების ობიექტი გადავსებული იყო.
იანვარში - ველოდებოდით, 50%-იან დატვირთულობას, თუმცა 70%-ზე ავედით. თებერვლის თვე მიუახლოვდა ისევ 100%-ს“ - განმარტავს მაია მურაჩაშვილი.
2024 წლის ზამთრის სეზონს bm.ge-სთან „ინნ ჰოსფითალითის“ კომერციული დირექტორიც აფასებს. როგორც ნინა გაჩეჩილაძე ამბობს, „გუდაური ინნს“ ზრდა ჰქონდა, როგორც იანვრის, ასევე თებერვლის თვეებში.
„ჩვენს სასტუმროში იანვრის თვეში დაახლოებით 15-20%-მდე იყო მოთხოვნის ზრდა, რაც შეეხება თებერვალს, აქ კიდევ უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებელი გვქონდა. შეჯამებისთვის: სეზონი საკმაოდ კარგი იყო, მით უმეტეს 2023 წლის მონაცემებთან შედარებით“ - ამბობს „ინნ ჰოსფითალითის“ კომერციული დირექტორი.