მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდაურში ორი ახალი საბაგიროს მშენებლობაზე 66 მილიონი ლარი დაიხარჯება

64c0f5fec4532
შოთა ტყეშელაშვილი
26.07.23 14:30
1341
გუდაურში ორი ახალი საბაგირო გზა აშენდება - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განაცხადიდან ირკვევა. პროექტს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული კომპანია MTA განახორციელებს.

ამჟამად გუდაურში გონდოლას ტიპის მხოლოდ ერთი საბაგირო ფუნქციონირებს, რომელიც MTA-ს განმარტებით, ზამთრის სეზონზე მუდმივად გადატვირთულია და მოთხოვნას ვერ პასუხობს. აღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო ადგილზე კიდევ ორი საბაგიროს მოწყობას გეგმავს. შესაბამისად, კომპანიის მიზანია, ვიზიტორებს შესთავაზოს ვარცლას მთაზე შეუფერხებლად ასვლა საბაგიროების საშუალებით. ახალი ინფრასტრუქტურა საათში 1,800 ადამიანს მოემსახურება.

პროექტი დაჩქარებული წესით განხორციელდა, შესაბამისად მომწოდებელთან კონტრაქტი უტენდეროდ გაფორმდება.

“მოგეხსენებათ, სპორტული ტურიზმის განვითარება განსაზღვრულია ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად, დასტურად, საქართველომ უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს (ბაკურიანი 2023), ფრისტაილში სნოუბორდსა და ფრისკიში, შესაბამისად, საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე ზამთრის ტურიზმის და სპორტის მიმართულებით. წარმატებულად ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა FIS-ის ყურადღება საქართველოსადმი, სწორედ ამიტომ FIS-ის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო კონკრეტულად კი, გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვედრილიყო, წამყვან ქვეყნებს შორის და ახლა უკვე პირველად გუდაურში ჩატარდება საერთაშორისო დონის მსოფლიო თასის ეტაპი, სნოუბორდ ქროსში, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ დადასტურებულად ყოველწლიურ სპორტულ კალენდარში ჩასვა. აღნიშნული ფაქტი უმნიშვნელოვანესია, როგორც ზამთრის კურორტებისა და სპორტის განვითარებისთვის, ისე საქართველოს პოპულარიზაციისთვის.

განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებას, ეკონომიკური საქმიანობის წახალისებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და კონკურენტული და სტაბილური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას გუდაურში. გარდა ამისა, ვარცლას მთაზე სავარძლის ტიპის 2 (ორი) ახალი საბაგირო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა გაამრავალფეროვნებს კურორტ გუდაურში სერვისებს, რაც ხელს შეუწყობს კურორტის სწრაფ განვითარებას, არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და შესაბამისად, კურორტის პოპულარობის გაზრდას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც დადებითად აისახება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობასა და საერთაშორისო დონეზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე. ზემოთ მითითებულის გათვალისწინებით, კომპანიის მიზანია, საქართველოში არსებულმა სამთო-სათხილამურო კურორტებმა გაიუმჯობესონ მართვის დონე და მიაღწიონ საერთაშორისო სტანდარტებს უსაფრთხოებისა და მომსახურების სფეროში, რაც ხელს შეუწყობს სათანადო გამოცდილების მიღებას, ვიზიტორებისთვის სასიამოვნო და ხელსაყრელი გარემოს შექმნას და მათი ნდობის გაზრდას. კურორტ გუდაურში ახალი, თანამედროვე მაღალი სტანდარტებისა და გამტარუნარიანობის საბაგირო გზებისა და სასრიალო ტრასების მოწყობა პირდაპირპროპორციულად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის, ინვესტორების, კომპანიისა და სახელმწიფოს შემოსავლებზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვიზიტორთა მზარდი ოდენობის და საერთაშორისო ღონისძიებების ხელშეწყობის გათვალისწინებით მიზანშეწონილია ახალ გუდაურში მოეწყოს სავარძლის ტიპის საბაგირო გზები. კომპანიის მიერ, შემუშავდა ტექნიკური დავალება და განისაზღვრა ის კრიტერიუმები და მახასიათებლები, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს 2 (ორი) საბაგირო გზის მოწყობა დაახლოებით 1249 და 1369 მეტრი სიგრძის, რომელიც დაიწყება ახალი გუდაურიდან და დასრულდება კუდების წინა ფერდზე, 6 ადგილიანი ფარიანი („ბაბლიანი“) საბაგიროებით, გამტარუნარიანობით არანაკლებ 1800 კაცი საათში,”- ნათქვამია განმარტებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები