მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გუდაურში სეზონი თოვლის პიკზე დახურეს… ვინ აგებს პასუხს დაკარგულ შესაძლებლობაზე?|მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია

გუდაური

გუდაურში 2025–2026 წლის ზამთრის სეზონი ნაადრევად დაიხურა, მიუხედავად იმისა, რომ კურორტზე საკმარისი თოვლი და ხელსაყრელი პირობები იყო.

„მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის“ თანადამფუძნებელი მირანდა ესაკია BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ აპრილში არსებული ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების მიუხედავად, სეზონი 19 აპრილს ბიზნესთან შეთანხმების გარეშე დასრულდა, რაც მარკეტინგული და ეკონომიკური შესაძლებლობების დაკარგვას ნიშნავდა.

“წელს, პირველად, ბოლო 10 წლის განმავლობაში ამდენი ნალექი ალბათ გუდაურში არ მოსულა, საოცარი ხარისხის თოვლია და ახლაც კი თოვს… საოცარი სათხილამურო ტრასებია… მთის კურორტებმა ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ აბსოლუტურად არანაირი კომუნიკაცია ბიზნესთან მათ არ ჰქონიათ, გადაწყვიტეს რომ 19 აპრილს სეზონი დაეხურათ. გუდაურში სეზონი თოვლის პიკზე დახურეს და დღესაც სასწაული პირობებია სათხილამუროდ, ასეთ პირობებს ნატრობს ბევრი ევროპული ზამთრის კურორტი და ჩვენ კიდე აი ასეთი დავხურეთ, დახურა სახელმწიფომ სათხილამურო სეზონი აბსოლუტურად კომუნიკაციის გარეშე ბიზნესთან”, - აღნიშნავს ის.

„მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის“ თანადამფუძნებელი ინტერვიუში აცხადებს, რომ სეზონი დადებითად დაიწყო უხვი ნალექის ფონზე, თუმცა მარტში ტურისტული ნაკადი შემცირდა, რაც ნაწილობრივ ირანის ომსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჯავშნების გაუქმებას უკავშირდება.

“2025–2026 წელი დადებითად დაიწყო, რადგან უხვი ნალექი გვქონდა. დეკემბერში, უფრო სწორად იანვარ-თებერვალში, ტურისტები აქტიურად გვყავდა, ხოლო მარტში უკვე "გალფის" ქვეყნებიდან სტუმრებს ველოდებოდით. როგორც მოგეხსენებათ, ირანის ომის გამო საქართველოს მთის კურორტებმა, განსაკუთრებით გუდაურმა, ძალიან დიდი ზარალი მიიღო. ჯავშნების 90% გაუქმდა, რადგან ძირითადი ნაწილი დუბაიდან და საამიროების ქვეყნებიდან მოდიოდა, ასევე მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები. ამის გამო სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა”, - თქვა მან.

მისივე შეფასებით, ტურიზმის დეპარტამენტისა და მთის კურორტების სააგენტოს მხრიდან მარკეტინგული დაგეგმვა და სეზონის მართვა არასაკმარისი იყო, რაც პოტენციალის სრულად გამოყენებას აფერხებდა. ესაკია ასევე ამბობს, რომ სეზონის ნაადრევმა დასრულებამ ბიზნესს პირდაპირი ფინანსური ზიანი მიაყენა.

“ბიზნესზე უკვე ძალიან ცუდად აისახა ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ თებერვლის შემდეგ ფაქტობრივად ჩვენ შემოსავალი 10% დაგვრჩა, რაც უნდა გვქონოდა… ანუ ჩაგვივარდა მარტი, ჩაგვივარდა აპრილი…თუნდაც, შიდა ტურისტებისთვის მიგვეცა იმის საშუალება, რომ აპრილში და მაისში მაინც დაესვენათ რაღაც შეღავათიან პირობებში. აქ არის შესაძლებლობების დაკარგვაზე საუბარი და იმ განძის დაკარგვაზე, რაც წელს ბუნებამ გვაჩუქა”, - ამბობს მირანდა ესაკია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები