ტურისტული კომპანია Traffic travel-ის ტუროპერატორის შეფასებით, გუდაურში პარაპლანით ფრენაზე მოთხოვნა მაღალია.
როგორც BMG-ისთან საუბრისას ცოტნე ჯაფარიძე აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ პილოტებს პარაპლანით ფრენის და მომხმარებლების მომსახურების ნება დართო, ფრენები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება.
„პარაპლანით ფრენა გუდაურში ძალიან მოთხოვნადი გახდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ პილოტებს პარაპლანით ფრენის და მომხმარებლების მომსახურების ნება დართო, ყოველდღე ვიღაც დაფრინავს. გუდაურში ბევრი გასართობი არ არის, შესაბამისად ვინც ერთი და ორი დღით ჩამოდის კურორტზე, მათთვის იდეალური გასართობია.
ფასები გასულ წელთან შედარებით, გუდაურში მომატებულია. თუ ადრე 300 ლარი ღირდა, ახლა პარაპლანით ფრენა 350 ლარითაა განსაზღვრული“, - აცხადებს ჯაფარიძე.
ტუროპერატორი ასევე პარაპლანის პილოტებისთვის განსაზღვრულ ახალ დადგენილებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ლიცენზირება-სერტიფიცირების ვალდებულება, რომელიც პილოტებს აქვთ, ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერი და დროებითია, რომელიც არ გაამართლებს.
შეგახსენებთ, პარაპლანით ფრენა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ივლისში მას შემდეგ აიკრძალა, რაც გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ფრენის დროს 2 ადამიანი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. ერთი წლის თავზე კი, სექტორს ფრენების აღდგენის ნებართვა მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემთხვევაში მიეცა.
2023 წლის 8 მაისს კი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა წესები, რომლებიც პარაპლანით კომერციულ, არაკომერციულ და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენებს არეგულირებს. ეს წესები არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე, თუმცა მათ შესასრულებლად გარკვეული მოთხოვნები მაინც არსებობს.