მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გუდაურში სასტუმროების ფასები წლიურად, დაახლოებით, 25%-ით გაიზარდა - Ka Group

Pine Chalet

გუდაურში სასტუმროებში განთავსების ღირებულება, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 20-25%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ სასტუმროების მმართველი კომპანია Ka Group-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინა ჭიღლაძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

მისივე თქმით, ფასების ზრდა შეეხო როგორც განთავსების ღირებულებას, ისე გარკვეულ სერვისებს, თუმცა ამ ცვლილებებს მომხმარებლების მხრიდან მნიშვნელოვანი უკმაყოფილება არ მოჰყოლია.

„წინა წელთან შედარებით, უშუალოდ ფასები, დაახლოებით, 20-25%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, სერვისების ნაწილშიც ღირებულებაში მცირე ცვლილება გვაქვს და ამას მომხმარებლების მხრიდან რაიმე განსაკუთრებული პროტესტი არ მოჰყოლია. ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ბაზარი მზად არის ფასების ზომიერი ზრდისთვის“, - აღნიშნავს ნინა ჭიღლაძე.

მისივე შეფასებით, ფასების ზრდასთან ერთად კრიტიკულად მნიშვნელოვანია სერვისისა და მომსახურების ხარისხის შესაბამისობა როგორც კერძო სექტორის, ისე რეგიონული ინფრასტრუქტურის დონეზე.

"როდესაც სეზონის განმავლობაში კონკრეტულ დატვირთულობას ვაღწევთ, ყოველი მომდევნო ნომერი ოდნავ განსხვავებული ფასით იყიდება. ეს მიდგომა სწორია როგორც ბიზნესის თვალსაზრისით, ისე სხვადასხვა სეგმენტის, მათ შორის მაღალ მხარჯველუნარიანი მომხმარებლების ინტერესის შესაფასებლად", - ამბობს ის.

მისივე თქმით, აღნიშნული სტრატეგია ამ ეტაპზე ეფექტიანად მუშაობს და კომპანია გუდაურში საქმიანობის გაგრძელებას მომავალ წელსაც იგივე მიდგომით გეგმავს.

ნინა ჭიღლაძის განცხადებით, მოკლევადიან პერსპექტივაში კომპანიის მთავარი მიზანი ზამთრის სეზონის წარმატებით დასრულებაა, რის შემდეგაც ყურადღება დაბალ სეზონზე გადაინაცვლებს.

"დაბალი სეზონი საკმაოდ აქტიური სამუშაო პერიოდია ჩვენთვის. მიზანია, სასტუმროებმა წლის განმავლობაში მაქსიმალურად უწყვეტად იმუშაონ და სეზონური დაკეტვა დღის წესრიგში არ დადგეს. პარალელურად, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ მფლობელებთან, რათა მომავალი ინვესტიციები ორივე ობიექტისთვის მაქსიმალურად საინტერესო მიმართულებით დაიგეგმოს და სტუმრისთვის დარჩენა და სერვისებით სარგებლობა უფრო ღირებულ გამოცდილებად იქცეს", – აცხადებს ka group-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.




KA Group-ი ბაზარზე 2018 წლიდანაა და დღემდე, კომპანიას 30-მდე გახსნის, მართვის ან ქონსალთინგ სერვისებით თანამშრომლობის პრაქტიკა აქვს. ამჟამად, KA Group-ი საქართველოსა და სომხეთში სასტუმროების მართვის სფეროში ერთ-ერთი აქტიური მოთამაშეა. კერძოდ, მენეჯმენტ კომპანია საქართველოში [თბილისში, გუდაურსა და ბაკურიანში] სასტუმროებს მართავს, ასევე, კომპანიის მართვაშია კურორტ საირმეში Sairme Hotels & Resortt; 2025 წლიდან კი, კომპანია სომხეთის დედაქალაქ ერევანში 4 სასტუმროს მმართველიცაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები