მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდაურში უამრავ შენობას აწერია იყიდება ან ქირავდება, ეს არის სრული კოლაფსი - ცოტნე ჯაფარიძე

6030a4faf0c3d
ანა ჯოხაძე
20.02.21 16:17
2184
იმის გამო, რომ დღემდე ზამთრის კურორტები დაკეტილია, არ მუშაობს სასტუმროები და გაჩერებულია საბაგირო, ძალიან ბევრი ობიექტი, რომელიც უფუნქციოდ დარჩა, ქირავდება ან იყიდება. 

როგორც BM.GE-თან „ტრეფიკ თრეველის" მმართველმა პარტნიორმა ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა, ზარალი იმდენად დიდია, რომ ადგილობრივი ბიზნესები უკვე ყიდიან ქონებას. მისი თქმით, გახსნასთან ერთად აუცილებელია 1 წლით საგადასახადო ამნისტიის გამოცხადდება იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც თავიანთ საქმიანობას მთის კურორტებზე ახორციელებენ. მისი განმარტებით, ეს ბიზნესს სტიმულს მისცემს, რომ საქმიანობა განაახლონ და დახურული ობიექტები გახსნან.

“ზამთრის კურორტების გაჩერებას ექნება ძალიან მძიმე გავლენა ეკონომიკაზე, რადგან ტურიზმი არის ის სექტორი, რომელსაც დაახლოებით 20-25% უჭირავს ქვეყნის ეკონომიკაში. დანაკარგები უკვე დათვლადიც აღარაა. თუ არ მოხდა გახსნა, ეს კიდევ უფრო გაზრდის რისკს იმისას, რომ ეს ბიზნესები საერთოდ ვეღარ აღდგნენ. თუ გაივლით და დაათვალიერებთ გუდაურს, უამრავ შენობას აწერია იყიდება, ქირავდება იმიტომ, რომ ხალხს უბრალოდ აღარ აქვს მოტივაცია და არც იმის საშუალება, რომ თავიანთი ბიზნესები აამუშაონ. ეს არის სრული კოლაფსი"-ამბობს „ტრაფიკ ტრეველის" მმართველი პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე.

ზამთრის კურორტების გახსნასტან დაკავშირებით, დღეს პარკამენტში ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ზამთრის კურორტებზე შესაძლებელია სასტუმრობის ოპერირების განახლებაზე მსჯელობა, თუნდაც საბაგიროების გახსნის გარეშე.
 
"ზამთრის კურორტები ყველაზე მტკივნეული საკითხია. იწურება ზამთრის კურორტების გახსნის პერიოდი. ჩემი აზრით, ჩვენ კვლავაც შეგვიძლია მივუბრუნდეთ და განვიხილოთ მხოლოდ სასტუმროების გახსნის ნაწილი, თუნდაც საბაგიროების გახსნის გარეშე თუკი ეს მოხდება ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმის დაცვით. ვფიქრობ, არ არის ეს რაციონალს მოკლებული.

და ერთ-ერთი, რა საკითხსაც დავაყენებ მე განსახილველად იქნება, რამდენად შეგვიძლია ახლა ის დარჩენილი ერთი თვე მაინც რომ გამოვაყენებინოთ სასტუმროებს, რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრი კონტროლით"-განაცხადა თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები