მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გული სწყდებოდათ, რომ სებ-ის შესახებ კანონი მათთან შეუთანხმებლად მივიღეთ - კომიტეტის თავმჯდომარე IMF-ზე

პაატა კვიჟინაძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერების შესახებ კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრაზე მათ გამოთქვეს წუხილი, რომ პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები IMF-თან კომუნიკაციის გარეშე დაამტკიცა და სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაამატა.

“ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ეკატერინე გალდავა აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის საბჭო გააკეთებს ყველაფერს, რათა სავალუტო ფონდის შეჩერებული პროგრამა აღდგეს. ამის შესახებ გალდავამ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ანალოგიური პოზიცია აქვს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავასაც.

“მე მქონდა მათთან შეხვედრა რამდენიმეჯერ, ისინი ძალიან კმაყოფილები იყვნენ. ეს იყო მარტი-აპრილის პერიოდში შეხვედრები და კმაყოფილი იყვნენ, რომ ყველა პარამეტრი, რაც ეროვნულ ბანკს და მთავრობას უნდა გაეკეთებინა იყო ნორმაში. ევროპის არაერთი ქვეყანა ახლაც არაა კრიზისიდან გამოსული და ჩვენ კი ეს პირველსავე წელს მოვახერხეთ.

მათ გული სწყდებოდათ, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონი მივიღეთ მათთან შეუთანხმებლად. ჩვენ ავუხსენით, რომ ეს იყო ექსტრემალური სიტუაცია და საქართველოს პრეზიდენტმა ვერ დანიშნა თუ არ დანიშნა ბანკის პრეზიდენტი, საბჭოს წევრებზედაც პრობლემა იყო და იძულებული გავხდით ცვლილება მიგვეღო. ეს ახსნა მათ მიიღეს და გვითხრეს რომ განიხილავდნენ ამ საკითხს. პროგრამა შეწყვეტილი არ არის, მიმოხილვა წარუდგინეს საბჭოს, რომელიც არ დაამტკიცა საბჭომ. ახლაც იყო კომუნიკაცია ეროვნული ბანკიდან და მთავრობიდან და ძალიან იმედი მაქვს რომ ეს დამტკიცდება.

კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან ურთიერთობა და უნდა ვითანამშრომლოთ. თუმცა, მატერიალური კუთხით მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ პროგრამით თანხის მიღება არ გვეწერა. ჩვენ ეს სესხები ჯერ არ გვჭირდება,”- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

გუშინ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, IMF-ის პროგრამა სწრაფად უნდა აღდგეს.

“ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ევროკავშირის ელჩთან. დეტალურად ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ რეგულაციაზე. დავაფიქსირეთ, რომ განხორციელებული ცვლილება ემსახურება სანქციების უნაკლო და საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას.
კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სანქციების შესრულების ერთგული რჩება.  რასაკვირველია, ელჩს კითხვები ჰქონდა ამ გადაწყვეტილებაზე, რაზედაც ჩვენი მხრიდან დეტალური განმარტება მიიღო.

ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე, იმაზე თუ რა გამოწვევები არსებობს ამ ეტაპზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას შეეხო. აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
თავის მხრივ შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ სსფ-ის შეჩერებული პროგრამა განახლდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები