ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქართული ინსტიტუციებისგან ამ პროცესების წარმართვას არ ენდობა - ამის შესახებ ნაუსედამ ბუდაპეშტში, ქართულ მედიასთან ელექტორალური პროცესის შეფასებისას ისაუბრა.
"იმედგაცრუებული ვარ არამხოლოდ არჩევნების შედეგების, არამედ იმ უამრავი დარღვევის გამო, რომლებიც საარჩევნო პროცესში გამოვლინდა - ეს შეშფოთებას იწვევს.
არ შეიძლება, საუბრობდე ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებზე და ამავე დროს, იღებდე კანონებს, იყენებდე შეურაცხმყოფელ რიტორიკას დემოკრატიული დასავლეთისადმი, ამას ლოგიკური ახსნა არ აქვს. ამიტომ უნდა გამოვიძიოთ ეს საარჩევნო პროცესი, არ მაქვს ნდობა, რომ საქართველოს ინსტიტუციები ამას შეძლებენ, ძალიან გულუბრყვილო უნდა ვიყო, ამას რომ ველოდე. ვფიქრობ, გვჭირდება საერთაშორისო, დამოუკიდებელი გამოძიება", - ამბობს ნაუსედა.
ლიეტუვის პრეზიდენტმა საქართველოს ევროპულ კურსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა აირჩიოს, რა გზით წავა. მან ქვეყანაში რუსული გავლენაც შეაფასა და საარჩევნო პროცესი მოლდოვას არჩევნებს შეადარა.
"ადამიანი, რომელიც ამ პროცესების მიღმა დგას [ბიძინა ივანიშვილი] და ვიცით, თუ როგორ ღრმა და ინტენსიურია მისი კავშირები რუსეთის ფედერაციასთან, არის მიზეზი, რის გამოც არა მხოლოდ ევროკავშირისგან ჩამოშორებაზე ვსაუბრობთ, არამედ რუსეთთან დაახლოებაზეც. შეუძლებელია, შუა გზა აირჩიო, თუ გადაწყვეტ რომ ასეთი პოლიტიკური ნაბიჯები გადადგა, მაშინ უნდა აირჩიო - მიდიხარ დასავლეთით, თუ აღმოსავლეთით - მარტივია.
წელს საარჩევნო პროცესში რუსული ჩარევის მასშტაბები და ინტენსიურობა იმაზე დიდი იყო, ვიდრე ოდესმე, რაც შემაშფოთებელია - ამ შემთხვევაში მოლდოვაზე ვსაუბრობ, თუმცა მოლდოვას არჩევნების შედეგები სულ სხვანაირი იყო", - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.
კითხვაზე, რა საპასუხო ნაბიჯებს განიხილავს ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისადმი, ლიეტუვას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ევროპელ ლიდერთა მკვეთრი გზავნილებიც საკმარისი უნდა იყოს.
"ჩვენგან ძალიან მკაფიო სიგნალის გაგზავნაც საკმარისია: მეგობრებო, თქვენ თუ ასე იქცევით, არ უნდა ელოდოთ, რომ ევროკავშირს დაუახლოვდებით. თქვენ საპირისპირო მხარეს მიდიხართ, შორდებით ევროკავშირს. ვიმედოვნებ, რომ ამ სიგნალს მიიღებენ და გაიგებენ და ვიმედოვნებ, რომ საქართველოს კვლავ აქვს შესაძლებლობა, თავის საგარეო კურსს გადახედოს. მაგრამ ამჟამად ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება", - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.