მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურამ ბაღდოშვილი თებერვლიდან რესტორნის დახურვას არ გამორიცხავს – "ჩვენი რესურსებიც ამოწურვადია"

600179a61b5c7
ვიქტორია მღებრიშვილი
18.01.21 09:40
2641
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წერტილოვანი შეზღუდვების მოხსნა 1 თებერვლამდე გადაიდო, მაშინ როდესაც მეორე ლოქდაუნის პირობებში დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, 16 იანვრიდან სავაჭრო ობიექტები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა ამოქმედებულიყო, ხოლო 1 თებერვლიდან სამთო-სათხილამურო კურორტები და ეკონომიკის სხვა დარგებიც, მათ შორის რესტორნებიც უნდა გახსნილიყო.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას რესტორან „ჩვენის“ დამფუძნებელი გურამ ბაღდოშვილი აცხადებს, დღეს მათ დადასტურებით არ იციან გაიხსნება თუ არა დათქმულ ვადებში რესტრონები.

„ჯერჯერობით როგორც პრემიერმა განაცხადა რესტორნების მიმართულებით 1 თებერვლიდან ველოდებით ამოქმდებას. ასევე ველით სამთო სათხილამურო კუროტების გახსნის გადაწყვეტილებას. (რესტორანი „ჩვენი“ ობიექტებს ბაკურიანსა და გუდაურშიც მართავს, რომელთაგან გუდაურში რესტორანი დაკეტილია, ბაკურიანში კი მიტანის სერვისზე მუშაობს). თუმცა მთავრობის მხრიდან დადასტურებული ინფორმაცია, რომ 1 თებერვლიდან რესტორნები ამოქმედებას შეძლებენ, არ გვაქვს“, - განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა.

მისი თქმით, გასულ წელს ეკონომიკის მინისტრთან კომუნიკაციის შემდეგ დარგს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრები არ ჰქონია. ბაღდოშვილისთვის ნაკლებად სარწმუნოა ეკონომიკის გახსნის შესახებ გაკეთებული ზოგადი განცხადებები მთვრობის მხრიდან.

"ჩვენ 15 იანვრიდანაც ვიცოდით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ეს გადაწყვეტილებაც შეიცვალა. მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა ჩვენს ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებდა, რადგან თანამშრომლების გადაადგილება გაძვირებული ტაქსებით გვიწევს“,– აცხადებს ის. 

შეფზარეული და რესტორნის ხელმძღავნელი ამბობს, რომ შესაძლოა მას თებერვლიდან თბილისში მიტანის სერვისზე მომუშავე რესტორნის დახურვა მოუწიოს.

„მიუხედავად იმისა, რომ მიწოდების სერვისით ვამუშავებთ რესტორანს, მიტანის სერვისზეც მოთხოვნა 87%-ითაა შემცირებული. ნებისმიერ შემთხვევაში პერსონალი სრულად უნდა გყავდეს იმისთვის, რომ შეძლო შეკვეთების მომსახურება, რადგან როდის როგორი ინტენსივობით შემოვა შეკვეთები ამას ვერ განვსაზღვრავთ. გვაქვს ელექტროენერგიის გადასახადი, რომელიც დაკეტილ რესტორანში 1 200 ლარი მოგვივიდა, ამასთან არის პერსონალის ხელფასები, იჯარის ხარჯები, რასაც აქამდე ვახერხებდით და ვფარავდით, თებერვლიდან კი არ გამოვრიცხავთ რომ რესტორანი „ჩვენი“ თბილისში დავხუროთ, იმ შემთხვევაში, თუ მიტანის სერვისზე მოთხოვნა არ გაიზრდება და თუ რესტორნები სრული დატვირთვით არ გაიხსნება. ზოგადად, თებერვალი სარესტორნო ბიზნესში ყველაზე მოკლე და დაბალშემოსავლიანი თვეა, რადგან დღესასწაულების შემდეგ ადამიანები ნაკლებად სტუმრობენ რესტორნებს. დღევანდელი აქტივობით კი თებერვალში ხარჯების მომსახურებას ვეღარ შევძლებთ. ძალიან, ძალიან ვეცდებით რომ თებერვლიდან დახურვა არ მოგვიწიოს, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება შეკვეთებზე, რადგან ჩვენც ხარჯები გვაქვს გასასტუმრებელი“, - განაცხადა „ჩვენის“ მეპატრონემ.

მისი თქმით, აქამდე რესტორნის მენეჯმენტი და გუნდი კარგად ერგებოდა არსებულ კრიზისულ მდგომარეობას, თუმცა მათი რესურსებიც ამოწურვადია.

„მდგომარეობიდან გამომდინარე საკმაოდ კარგად ვლავირებდით და ყოველთვის ვპოულობდით პრობლემის გადაწყვეტის გზებს. აქედან გამომდინარე შევძელით, რომ 2020 წელი 0-ზე დაგვეხურა და არა დავალიანებებით, იმის ხარჯზე, რომ ჩვენს დასაქმებულებთან ურთიერთთანამშრომლობით, ფინანსების ოპტიმიზაცია მოვახდინეთ“, - თქვა გურამ ბაღდოშვილმა.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ რესტორანმა „ჩვენი“ სხვა კომპანიებთან თანამშრომლობით სოციალური პროექტი წამოიწყო და შეჭირვებული მოსახლეობას რესტორანში მომზადებული სადილით უმასპინძლდებოდა, რამაც როგორც რესტორნის დამფუძნებელი ამბობს, დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც მოსახლეობაში, ასევე კომპანიებში. მისივე თქმით, პროექტი იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.

„დაახლოებით 150 ადამიანს ვაწვდით საჭმელს ჩვენი - დამფუძნებლების პირადი სასხრებითა და იმ ადამიანების შეწევნით, რომელებიც პროდუქტების მოტანით ერთვებიან ამ პროექტში. ჩვენ უბრალოდ დგომის ნაცვლად კეთილი საქმის კეთება ვარჩიეთ. თებერვლამდე ეს პროგრამა გაგრძელდება, შემდეგ უკვე ფინანსურად ჩვენი რესურსებიც იწურება და ვეღარ შევძლებთ გაგრძელებას“, - განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები