მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურამ ბაღდოშვილი: ვითხოვთ გვიშველონ, ჩვენი დახურვით ქვეყანა ზარალდება

5fc7779adfd3c
ვიქტორია მღებრიშვილი
02.12.20 15:16
2484
რესტორან „ჩვენის“ დამფუძნებლის გურამ ბაღდოშვილის განცხადებით, დეკემბერი მისთვის, როგორც რესტორნის მენეჯერისთვის გადამწყვეტი იქნება. BM.GE-ისთან საუბრისას შეფმზარეული აღნიშნავს, რომ რესტორნის დახურვის გადაწყვეტილება რთული მისაღებია, რადგან დასაქმებულები შემოსავლის გარეშე რჩებიან.

„ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას პრობლემები აქვს საკრედიტო ხაზთან და ბანკებთან დიდი დავალიანებები აქვთ, ასევე, დავალიანებები აქვთ მომწოდებელ კომპანიებთან, რადგან ჰორეკა სექტორის სისტემა აწყობილია ფინანსური რესურსის მოძრაობით - ჩემი ფული იმას ფარავს, იმის - სხვას და ა.შ. სამწუხაროდ, ჩვენც უკვე ლიმიტზე ვდგავართ. ეს თვე ჩვენთვის სამაგალითო იქნება სრულად დავიკეტებით თუ - არა; ძალიან რთულია, ის გუნდი, რომელიც ამდენი ხანი შენს გვერდით დგას, ახალი წლის წინ დატოვო შემოსავლის გარეშე და არამხოლოდ ახალი წლის წინ", - განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა.

„ჩვენის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ მისი კვების ობიექტების ზარალი ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში 70% იყო, ხოლო დღეს ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია, რადგან არსებულ შეზღუდვებს გაზრდილი კომუნალური გადასახადებიც ემატება.

„ბუტიკ-რესტორნების ხარჯი, მხოლოდ სადეზინფექციო დანახარჯების კუთხით, 2 500-3 000 ლარით გაიზარდა, ჩვენთვის ეს ძალიან მძიმე დარტყმაა... USAID-ის კვლევით, მიწოდების სერვისი ჩვენი დატვირთვის მხოლოდ 5%-ია. პრაქტიკულად, შეუძლებელია, დაკეტილ რესტორანში, სადაც 3-4 ადამიანს ასაქმებ, შენი "დელივერი" ამუშაო; შეუძლებელია, რომ ჩვენ ეს გადასახადები გადავიხადოთ თუ სახელმწიფომ არ გაითალისწინა ის 5 მოთხოვნა, რომელსაც ვითხოვთ და მოვითხოვთ. ვითხოვთ, რომ გვიშველონ; უკვე მუხლებზე უნდა დავდგეთ და სხვისი გულისთვის ცრემლი გადმოღვაროთ, მათხოვარივით მოვთხოვოთ სახელმწიფოს რომ გადაგვარჩინოს, რადგან ჩვენი დახურვით ბოლოს ქვეყანა ზარალდება“, - განმარტა რესტორატორმა.

მისი თქმით, საქარველოს, ტურიზმის გარდა, სხვა რესურსი არ აქვს და იმისთვის რომ „საზოგადოება წელში გაიმართოს“, ამ სექტორს სახელმწიფო გვერდში უნდა დაუდგეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები