მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუშინ, ₾10-15 მლნ დაიხარჯა და სად არის დაფიქსირებული, სად არის გამჭვირვალობა? - დეპუტატი

ვახტანგ მეგრელიშვილი

სად აისახება თანხა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გუშინ, 29 აპრილს კონტრაქციის მოწყობისთვის გადაიხადა - ეს კითხვა დაუსვა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პლენარულ სხდომაზე მმართველ ძალას.

მეგრელიშვილის თქმით, გუშინ, გაირკვა რომ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც შეთქმულების თეორიის შესაბამისად იმართება.

"გუშინ, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავედით და ძალიან უცნაურია, რომ ეს ყველაფერი ხდება გამჭვირვალობის კანონის მიღების ფონზე. გუშინ, თქვენ თქვით, რომ 300 000 ადამიანი იყო რუსთაველზე, მაგრამ რომ წარმოვიდგინოთ, რომ 100 000, ან თუნდაც 50 000 ადამიანი იდგა, რომლებსაც ცხადია დაფინანსება სჭირდებათ. 100 ლარი რომ წარმოვიდგინოთ ერთ ადამიანზე, გუშინ დაიხარჯა 10-15 მლნ ლარი. კითხვა მაქვს, ეს თანხა სად არის დაფიქსირებული? ეს ხომ პარტიული ღონისძიებაა და სად აისახება. სად არის გამჭვირვალობა? ეს არის ტყუილის ამბავი.

გვერდზე უნდა გადავდოთ, როგორი ხალხი იყო, ძალით თუ ნებით მოყვანილი და ა.შ. გუშინ, გავიგეთ მთავარი ამბავი, რომ ჩვენ, ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც შეთქმულების თეორიის შესაბამისად იმართება. "აღმოჩნდა", რომ 2004 წლიდან მსოფლიოს და ჩვენ გვმართავენ მასონები. თქვენმა ლიდერმა დააფიქსირა მტრები და რა ჰქვიათ, სახელები გვითხარით, ვინ არიან გლობალური ომის პარტიაში. ადამიანები ხომ არიან და ვინ არიან? ეფემერული არსებები არიან და ეზოთერული ცოდნაა საჭირო რომ იცოდეთ, თუ თქვენც იცით ვინ არის თქვენი მტერი, რომელიც თურმე, 20 წელია აგენტების მეშვეობით გვმართავს. თუ მართლა აგენტები გვმართავენ, თქვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე თქვენ თურმე სიმართლეს ვერ ამბობდით. ბიძინა ივანიშვილის დასჭირდა გამოსვლა, რომ ხალხისთვის ბოლომდე სიმართლე ეთქვა. დაგამცირათ ხო? თქვენ არ შეგიძლიათ სიმართლე უთხრათ ხალხს?" - მიმართა ვახტანგ მეგრელიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები