იტალიაში, კერძოდ სიცილიის კუნძულზე, 20 წლის განმავლობაში ყველაზე მწვავე გვალვა დადგა, რაც ქვეყნის ეკონომიკასაც აფერხებს. უცხოური მედიის ინფორმაციით, კუნძულზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რის გამოც მთავრობამ წყლის გახარჯვაზე შეზღუდვებიც შემოიღო.
წყალზე დაწესებული შეზღუდვები მკაცრია - რეზიდენტები ვალდებულები არიან, საკუთარი მოხმარება 45%-ით შეამცირონ, რის გამოც ზოგიერთი სასტუმრო ტურისტებს ვეღარ იღებს, რადგან მათთვის საკმარისი წყალი რეზერვუარებში არ არის.
სიცილიაში სასტუმრო La Cinque Novelle-ს მფლობელი CNN-თან საუბარში აცხადებს, რომ ტურისტები იტალიაში ჩასვლამდე სასტუმროსგან გარანტიებს ითხოვენ, რისი გაცემაც აღნიშნულ ობიექტებს არ შეუძლიათ. იგი აღნიშნავს, რომ სიცილიის ეკონომიკა ტურიზმზეა დამოკიდებული, გვალვას კი სტუმარმასპინძლობის სექტორზე უკვე აქვს მნიშვნელოვანი გავლენა.
CNN-ის ინფორმაციით, გვალვაში დაცლილი წყლის რეზერვუარების და დაღუპული პირუტყვის გამო, რეგიონის ზარალი უკვე აღემატება ერთ მილიარდ ევროს.
ადგილობრივმა მთავრობამ რეგიონში არსებული წყლის კრიზისის გამო ტურისტული სეზონის გახანგრძლივებაზე საუბარი ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო, თუმცა რა ზომები გაატარა ტურიზმის მინისტრმა ამისთვის - მედიისთვის უცნობია.
გვალვასთან ერთად, იტალიისთვის გამოწვევად რჩება მოსახლეობის დესტაბილიზაცია, რის გამოც ქვეყნის ოფიციალური უწყებები სხვადასხვა ინიციატივაზე მუშაობენ იმისთვის, რომ ქვეყნის მაღალმთიანი და ქალაქისგან დაშორებული არეალები ახალი რეზიდენტებით შეავსონ.
სიცილიის ერთადერთი ბუნებრივი ტბა დაშრა
მწვავე გვალვის გამო იტალიაში, სიცილიის კუნძულზე არსებული ერთადერთი ბუნებრივი ტბა თითქმის მთლიანად დაშრა.
სიცილიის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ენასთან არსებულ ბუნებრივ ნაკრძალში, ტბა პერგუსა უნალექო ამინდებისა და მაღალი ტემპერატურის გამო ზომაში დრამატულად შემცირდა.
ჯუზეპე მარია ამატო, Lagambiente-ს გარემოსდაცვითი ჯგუფის წარმომადგენელი, მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ტბის ხილული ნაწილი თითქმის მთლიანად დაშრა და მხოლოდ გუბეა დარჩენილი.
ტბის ზედაპირი, როგორც წესი, 1.8 კვადრატულ კილომეტრს ფარავს, ბუნებრივი შესართავები კი არ გააჩნია. პერგუსა მნიშვნელოვან წერტილს წარმოადგენს აფრიკასა და ევროპას შორის ფრინველების მიგრირებისას, თუმცა არსებობს რისკი, რომ, გვალვის გახანგრძლივების შემთხვევაში, ტბის გარშემო არსებული ბიომრავალფეროვნება სრულად განადგურდება.
სიცილიაში გვალვა რამდენიმე თვეა გრძელდება - 12 თვის განმავლობაში რეგიონში მოსული ნალექის სისქე 250 მმ-ს არ აღემატება, რის გამოც კუნძულის ეკონომიკის მდგრადობისთვის აუცილებელი დარგი - სოფლის მეურნეობაც ზარალდება. მართალია, პერგუსას ტბა პირდაპირ კავშირში არ არის ადგილობრივ წარმოებასთან, თუმცა კუნძულის ცენტრალურ ნაწილში ფერმერები წყლის დეფიციტით გამოწვეულ პრობლემებზე უკვე საუბრობენ.