გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ 2028 წლისთვის 4%-მდე შემცირდეს სიღარიბე - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი და ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მაქსიმალურად შემცირდეს სიღარიბის დონე ქვეყანაში.
"2024 წელს 90 000-მა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. მინდა შეგახსენოთ, როგორი იყო მონაცემები 2012 წელს, 1 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა, როდესაც წინა ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია გვაუწყებდა, რომ ქვეყანა იყო აყვავებული და მოსახლეობა ბედნიერი. 1 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. 30% იყო სიღარიბის მაჩვენებელი და ეს მაჩვენებელი 1 100 000-ზე მეტიდან შემცირდა 350 000-მდე. რა თქმა უნდა, ესეც მაღალი მაჩვენებელია. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა, როდესაც ჩვენი 350 000 თანამოქალაქე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილი იქამდე, ვიდრე არ განულდება ეს მაჩვენებელი. ტემპი გვაქვს ძალიან კარგი და ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში, საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ შევძლებთ სიღარიბის სრულად დაძლევას ჩვენს ქვეყანაში. ამის გარანტი იქნება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება.
2024 წელს სიღარიბემ შეადგინა 9.4% ჩვენს ქვეყანაში. პირველად დაფიქსირდა ერთნიშნა მაჩვენებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქაც გვაქვს ამბიციური მიზანი, 2028 წლისთვის გვინდა, რომ მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. არსებული ტემპის გათვალისწინებით ეს შედეგი აბსოლუტურად მიღწევადია“, - განაცხადა კობახიძემ.




























