ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, დღეს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული აპრილის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი ისტორიულია და ის პანდემიამდელ ეკონომიკურ ზრდის ნიშნულსაც აღემატება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„აპრილში ისტორიული, ნახტომისებური ეკონომიკური ზრდა გვაქვს. პანდემიის ეფექტი რომ გამოვრიცხოთ და 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს შევადაროთ, ზრდა თითქმის 21%-ია. ერთი და მეორე მაჩვენებელი არის ისტორიული მაჩვენებელი. ჩვენს უახლოეს ისტორიაში, წინა წლებში მსგავსი ნახტომისებური ზრდა არ დაფიქსირებულა. ეს არის ის, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება, არა განვითარება, გაჯანსაღება, არამედ ნახტომი.
დაფიქსირებულმა ნახტომმა, რომელიც უახლოეს თვეებში გაგრძელდება, წლიური ეკონომიკური ზრდის გადახედვის შესაძლებლობა მოგვცა. ეკონომიკის ზრდის კონსერვატიული 3.5%-იანი პროგნოზი, რომლებსაც ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციების გვითვლიდნენ, პრაქტიკულად გაორმაგდა და 6.5%-ია. ეს საბაზისო სცენარია და არა ოპტიმისტური, ხოლო ოპტიმისტური პროგნოზი შეიძლება ორნიშნა და 10%-ზე მეტი იყოს.
2020 წელს პანდემიის გამო ჩვენი ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა. ეკონომიკის ზრდა საბაზისო სცენარით რომ განვითარდეს ეს ნიშნავს, რომ პანდემიის ნეგატიურ შედეგს სრულად ვანულებთ და პოზიტიურ დინამიკაზე გადავდივართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი პოლიტიკის და ბიზნესის ძალისხმევის შედეგად, ჩვენი ნიჭიერი მოქალაქეების ძალისხმევის შედეგად ჩვენ შეიძლება ოპტიმისტურ სცენარს მივუახლოვდეთ, რითიც არამარტო პანდემიის შედეგებს გავანულებთ, არამედ ზრდის ტრაექტორიას დავუბრუნდებით და მომავალ წელსაც სულ მცირე 6%-იანი ზრდა გვექნება. ჩვენ პანდემიის გაკვეთილი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად განვავითარეთ ეკონომიკის თითქმის ყველა დარგი“, - განაცხადა ნათია თურნავამ და ის მიზეზები დაასახელა, რამაც ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქსტატმა 2021 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკის მოცულობა წინა წლის აპრილთან შედარებით 44.8%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანია გარემოებაა, რომ ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა ძირითადად ე.წ. "საბაზო ეფექტით" არის განპირობებული, რადგანაც 2020 წლის აპრილში ქვეყანაში მოქმედი ლოქდაუნის გამო ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველი 4 თვის ეკონომიკური ზრდა 8.1% იყო.




























