ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ჩინეთთან პირდაპირი ფრენების სიხშირეების გასაზრდელად მოლაპარაკებები როგორც უკვე არსებულ, ისე ახალ კომპანიებთან მიმდინარეობს.
“ჩვენ ერთი მხრივ გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები არსებულ პარტნიორ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ მათ გაზარდონ საჰაერო მიმოსვლა და სიხშირეები ჩვენი ქვეყნის აეროპორტებში. გარდა ამისა, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ახალ ჩინურ ავიაკომპანიებთანაც, რათა საქართველოს სამივე აეროპორტს ჰქონდეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სხვადასხვა პროვინციასთან და ცენტრალურ აეროპორტებთან”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი განმარტებით, საქართველოს შემდეგ ჩინეთის ხელისუფლების მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება, ფრენების სიხშირის გასაზრდელად ერთ-ერთი მთავარი სტიმულია.
“ეს არის პირველი და უმთავრესი სტიმული იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მეტი პირდაპირი რეისი ჩინეთიდან და გაიზარდოს ტურისტული ნაკადები. პირდაპირი ფრენები უზრუნველყოფს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის გამყარებას, ვაჭრობას, ხალხთაშორის ურთიერთობას და, რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩინეთთან არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდეს”, - ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ ავიარეისებს ამჟამად მხოლოდ China Southern Airlines ახორციელებს. ჩინეთის მთავრობამ კი საქართველოს მოსახლეობისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება 26 თებერვალს მიიღო.