დეველოპერული კომპანია “არსენალი რეზიდენსი” ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძრიდან 650 მეტრში ახალ, მულტიფუნქციურ პროექტს ავითარებს - დაბალი განაშენიანების მქონე მულტიფუნქციური უბანი 4 საცხოვრებელი ბლოკისგან იქნება დაკომპლექტებული და, საცხოვრებელ ბინებთან ერთად, საოფისე და კომერციულ სივრცეებს, სპა და ფიტნეს ცენტრებს, აუზსა და, რაც მთავარია, 170 მ-ის სიგრძის ბულვარს გააერთიანებს.
როგორც “არსენალი რეზიდენსის” დირექტორი, ლევან ქარუმიძე BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში აღნიშნავს, საცხოვრებელი კომპლექსის განვითარებასთან ერთად, კომპანია მიმდებარე ტერიტორიის ურბანულ განვითარებასაც გეგმავს, რაც არსენალის მთაზე რეკრეაციული ზონის, ბულვარის მოწყობას ითვალისწინებს.
“როდესაც ჩვენს პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, რა თქმა უნდა, ტერიტორიის შემდგომ განვითარებაზეც ვფიქრობდით, რაც ბუნებრივად მოჰყვება ჩვენს პროექტს. ბულვარი, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათია, უკვე შევთავაზეთ მერიას, რომ გაგრძელდეს არსენალის მთის მთელ სიგრძეზე, ფერდობებზე, რითაც გვაქვს შესაძლებლობა, 1.5 კმ-იანი ბულვარი შევმატოთ ქალაქს.
ბულვარს დაემატება ქუჩათა ქსელი, რეკრეაცია და, ფაქტობრივად, ახალი, მზა უბანი იქნება, რომელიც შემდგომ ბევრ ცვლილებას ვეღარ განიცდის, ქაოსურად ვეღარ განვითარდება, ინვესტორებს კი ცალკეული სივრცეების განვითარების საშუალება ექნებათ”, - განმარტავს ქარუმიძე და დასძენს, რომ მერიასთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები დაწყებულია.
“არსენალი რეზიდენსის” პროექტის მშენებლობა სრულად 2026 წლის ბოლოს დასრულდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს A და B ბლოკების მშენებლობა, C და D ბლოკების მშენებლობა კი წლის ბოლოდან დაიწყება. პროექტი 5-6 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსებისა და დამოუკიდებელი მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეებს ითვალისწინებს.