მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გვჭირდება მეტი ინვესტიცია... ანაკლია მთავარი საზრუნავია” - ინტერვიუ ალექსანდრე მოწერელიასთან

5f170411bf92a
ინგა მურუსიძე
21.07.20 19:38
1243
წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობისთვის „ქართული ოცნებიდან” აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტბსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია იბრძოლებს. მოწერელია გამარჯვების შემთხვევაში, გეგმავს, პარლამენტში ბიზნესის ხმა იყოს და რეგიონული განვითარების და ადგილობრივი თვითმმართველობების როლის გაძლიერებაზე იზრუნოს. „ალბათ უახლოეს მომავალში გადავდგები, ხოლო ჩემი შემცვლელის ვინაობას მთავრობა გადაწყვეტს”, - უთხრა მან bm.ge-ის.

- რატომ გადაწყვიტეთ პარლამენტარის მანდატისთვის ბრძოლა და რა გესახებათ რეგიონის განვითარების გზად?

- ჩვენი რეგიონის განვითარების ძირითად გეგმად იმ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება მესახება, რაც ზღვასთან გვაკავშირებს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ანაკლიის პორტი სტრატეგიული მნიშვნელობის არის როგორც ჩვენი რეგიონისთვის, ისე - მთელი ქვეყნისთვის. ასევე, ფოთის პორტი, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშია და ვხედავთ, რომ მეტის საშუალება და საჭიროება გვაქვს. სწორედ ამას ემსახურებოდა ფოთში საზღვაო აკადემიის ცენტრის მშენებლობა, რომ გვყავდეს კვალიფიციური კადრები საზღვაო მიმართულებით. ანაკლიის პორტის მშენებლობა უნდა განხორციელდეს; საჭიროა, ასევე, ფოთის პორტის მოდერნიზება და ზოგადად, აუცილებელია, მთლიანად რეგიონი შემოტრიალდეს ზღვისკენ და როგორც შავი ზღვის, ასევე, ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებთან მოხდეს ურთიერთობების გაფართოება, როგორც ეკონომიკური, ისე საგანმანათლებლო და სატრანსპორტო მიმართულებით. საჭიროა, მეტი ამერიკა და მეტი ევროპა საქართველოში, მეტი ამერიკული და ევროპული ინვესტიცია. სწორედ ამერიკული ინვესტიციით ხორციელდება ფოთის პორტის მოდერნიზება/გაფართოება. პირველი ეტაპის ინვესტიცია $94 მლნ-ს შეადგენს. პარლამენტიდან გაცილებით მეტი ასპარეზი მექნება, რომ გავაძლიეროთ რეგიონული პლატფორმა და ადგილობრივი თვითმმართველობის როლი. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ საზღვაო პოტენციალი. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირი კავშირები განვავითაროთ, სხვა ანალოგიურ, საზღვაო რეგიონებთან - იქნება ეს საფრანგეთი, თუ იტალია.

- თუკი ვსაუბრობთ საზღვაო პოტენციალის ათვისებაზე, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების შეფერხება არ წარმოადგენს სერიოზულ დაბრკოლებას?

- ანაკლიის პორტი ჩვენი მთავარი საზრუნავია. სამწუხაროდ, კონტრაქტორმა არ შეასრულა თავისი ვალდებულებები და თუკი გამოჩნდება კომპანია, რომელიც პორტის პროექტის განხორციელებას გადაწყვეტს, მას ამის საშუალება მიეცემა. კონსორციუმს 7-ჯერ გადაუვადდა ვადები, ხოლო მთავრობამ თავისი ვალდებულებები შეასრულა.

- თუმცა ისიც ფაქტია, მას შემდეგ, რაც კონსორციუმთან გაწყდა ხელშეკრულება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განხორციელების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და მთავრობის განცხადებების მიუხედავად, რომ პორტი აშენდება, პროექტის მომავალი ბუნდოვანია...

- სახელმწიფო მუშაობს იმისათვის, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება დაიწყოს. მე არ მესმის კრიტიკოსების - რატომ არ უნდა იყოს სახელმწიფო დაინტერესებული ანაკლის პორტის მშენებლობით? სახელმწიფო ზოგადად, ყოველთვის მშენებლობის მომხრეა, რადგან ეს ხელს უწყობს ადამიანების დასაქმებას და მრავალმილიონიანი ინვესტიციების განხორციელებას ქვეყანაში. საყვედურის თქმა იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი არ ხორციელდება, გაუგებარია. რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ანაკლიის პორტს სახელმწიფო? ვფიქრობ, აქ შეკითხვები არ არსებობს.

- პოლიტიკამდე თქვენ საქმიანობდით ბიზნესში. რა პრობლემებს ხედავთ ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს თვალსაზრისით და პარლამენტარის მანდატის მოპოვების შემთხვევაში, საკანონმდებლო კუთხით რის გამოსწორებაზე იზრუნებდით?

- დიახ, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გავატარე ბიზნესში და ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას გააჩნია ერთ-ერთი საუკეთესო საგადასახადო სისტემა; პრობლემა არის სხვა რამეში - გვჭირდება მეტი ინვესტიცია. საჭიროა არა მხოლოდ მეტი ტურისტი, არამედ მეტი ინვესტიცია, მეტი ინვესტორი. მაგალითად, სამეგრელოს რეგიონი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ევროკავშირის ბაზარზე - პირველ რიგში, ვგულისხმობ თხილის ექსპორტს. წელს 55 ათას ტონა მოსავალს ველოდებით. ორი წლის წინ მოსავალი მთლიანად ფაროსანამ გაგვინადგურა, თუმცა დავაარსეთ თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, რომელიც დღეს 25 ათას წევრს აერთიანებს. ყველას დავურიგეთ შესაწამლი აპარატი, მოვუმზადეთ კადრები და წელს ველოდებით ეკონომიკურ ეფექტს. თხილი არის პროდუქტი, რომელიც უნდა გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე და მას უნდა გაყვეს დანარჩენი.

- კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, თხილის ექსპორტს ხომ არ შეექმნება პრობლემა? მუშაობთ უკვე ევროკავშირის ბაზრებზე?

- თხილი უპრობლემოდ გავა ევროკავშირში. ეს საეჭვო არ არის. თხილი არ არის პროდუქტი, რომელსაც შექმნილი ვითარება დაამძიმებს. აქ არის სხვა პრობლემა - უხარისხობის გამო დავკარგეთ პოზიციები ევროკავშირის ბაზარზე და წელს, როდესაც მაღალი ხარისხის თხილი გვექნება, ეს პოზიციების დაბრუნებაში დაგვეხმარება. შესაძლოა, ამის გამო მცირე შეფერხებები იყოს, თუმცა აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს პოზიციებს. თხილი და ღვინო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან წამყვანია საქართველოს ექსპორტში.

- თხილი გასაგებია, მაგრამ რაც შეეხება ღვინის ექსპორტს, აქ რა გამოწვევებს ხედავთ?

- ღვინის შემთხვევაში, ცუდია ის, რომ სამწუხაროდ, ისევ ვართ დამოკიდებული დიდწილად რუსულ ბაზარზე. რაც უფრო მალე ჩამოვშორდებით ამ ბაზარს, მით უკეთესი იქნება დარგისთვის და მეღვინეობის განითარებისთვის. ჩვენი მიმართულება არის ევროკავშირი და განვითარებული ქვეყნები, სადაც უნდა გავყიდოთ ღვინო. ჩვენი ადგილი არის ევროპაში, სადაც ჩვენს პროდუქტს პოლიტიკური მიზნებისთვის არავინ გამოიყენებს და ექსპორტს პრობლემას არ შეუქმნის. გარდა ამისა, ევროკავშირის და განვითარებული ქვეყნების ბაზარი იმითაც სჯობს რუსულ ბაზარს, რომ გარდა ჩვენი პროდუქტის ყიდვისა, ცოდნას და გამოცდილებას გვაძლევენ თანამედროვე, უახლესი მიდგომებითა და უახლესი ტექნოლოგიებით.

- ინტერვიუს განმავლობაში, ამერიკული და ევროპული ინვესტიციების საჭირებაზე არაერთხელ გაამახვილეთ ყურადღება. სამწუხაროდ, ბოლო წლებში FDI-ს ძირითადად კლებადი ტენდენცია აქვს... როგორ ფიქრობთ, რამდენად არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო ჩვენს ქვეყანაში და მსხვილი კომპანიების დაინტერესების რა შანსები გვაქვს?

- ჩვენი ქვეყანა ინვესტიციების მხრივ ძალიან მიმზიდველია, რადგან კორუფციის დონე დაბალია. უცხოელ ინვესტორს აქ თავი უსაფრთხოდ მიაჩნია და ეს მათთვის საინტერესოა. ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ვართ მცირემიწიანი, მცირე მოსახლეობის ქვეყანა, რაც დიდ ბაზარს არ წარმოადგენს. აქ საინტერესო შეიძლება უცხოელი ინვესტორისთის იყოს ის, რომ რაიმე აწარმოოს. დიდი იმედებით ვართ, რადგან ბევრი უცხოური კომპანია ტოვებს ჩინურ ბაზრებს. ამ მიმართულებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები