მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გვჭირდება მეტი ცოდნა და ფინანსური რესურსი"...- განვითარების რა ეტაპზეა აკვაკულტურის სექტორი?

თევზი

სახელმწიფო სტრატეგიის მიხედვით, 2028 წლის ბოლომდე საქართველოში თევზის წარმოება ხუთჯერ უნდა გაიზარდოს, რაც ნიშნავს, რომ რამდენიმეწლიან პერსპექტივაში ქვეყანამ 10,000 ტონაზე მეტი პროდუქტი უნდა აწარმოოს.

დღეს თევზის ადგილობრივი წარმოება საკმაოდ მცირეა და საქსტატის 2024 წლის მაჩვენებლებით 2500 ტონის ფარგლებშია. FAO-ს პოლიტიკის უფროსი მრჩეველი ამბობს, რომ წარმოების გასაზრდელად გადამწყვეტია სახელმწიფო ინტერვენციები, რაც ფინანსურ მხარდაჭერასა და სუბსიდირებას გულისხმობს.

მისივე თქმით, წარმოების ზრდასთან ერთად, აუცილებელია ხარისხის სტანდარტების დაცვა, რათა ქართული პროდუქტი კონკურენტუნარიანი იყოს როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე.

“ჩვენ გვჭირდება მეტი ცოდნა, გვჭირდება მეტი რესურსი, მათ შორის ფინანსური რესურსიც და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ცალკე პროგრამული მიმართულება სახელმწიფოს მხრიდან არის გათვალისწინებული, რომ დარგს დაეხმაროს და ვფიქრობ, ეს მათ შორის შეიტანს თავის წვლილს სტრატეგიაში გაწერილი მიზნის მისაღწევად, რომ წარმოების გახუთმაგება მოხდეს 2028 წლის ბოლომდე. ამ პროგრესის პარალელურად თუ გამოწვევები ნელ-ნელა არ შემცირდა - წყლის ხარისხთან, საკვებთან, დაავადებებთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევები - რა თქმა უნდა ეს უკვე უფრო მეტად გაართულებს წარმოების მაჩვენებლების ხუთჯერ გაზრდას.

შავ ზღვაზე უკვე გაკეთდა აკვაკულტურის ზონები და მარიკულტურის მიმართულებითაც წარმოების მაჩვენებლების ზრდა ცალსახად გვექნება, მაგრამ თავისებური გამოწვევებია შავ ზღვაზეც და შიდა წყლებში არაერთგვაროვანი მტკნარი წყლების შემთხვევაში. ამიტომ ფინანსური რესურსების მობილიზებასთან ერთად აქცენტი აუცილებლად უნდა გაკეთდეს სურსათის უვნებლობაზე, ბიოუსაფრთხოებაზე, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღოთ მაღალი ხარისხის და მაღალი სტანდარტის საბოლოო პროდუქტი, რომელიც განთავსებული იქნება როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე”,-აცხადებს ჯუბა მარუაშვილი.

ამჟამად ევროკავშირში შავი ზღვის ქაფშიას და თევზის ფქვილია, თუმცა მიზანია სხვადასხვა სახეობის თევზის (მაგალითად, კალმახის) ექსპორტიც. ამისთვის კი FAO-ს პოლიტიკის უფროსი მრჩეველი ამბობს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების სრული დაკმაყოფილება.

“ჩვენ შორს არ ვართ ევროკავშირის ბაზრებზე წვდომისგან, თუმცა სტანდარტების და ხარისხის ნიშნულის მიღწევის გარეშე ეს რთული იქნება. განსაკუთრებით აქ სურსათის უვნებლობის ნაწილია პირველი წინაპირობა, რომელიც დარგმა უნდა დააკმაყოფილოს. ეს დაკავშირებულია სწორედ სურსათის უვნებლობის, ხარისხის და სტანდარტების გარკვეული ნიშნულების დაკმაყოფილებასთან”,-აცხადებს ჯუბა მარუაშვილი.

საქართველოში თევზის ადგილობრივი წარმოება საკმაოდ მცირეა და საქსტატის ბოლო, 2024 წლის მონაცემებით 2500 ტონას შეადგენს. ქვეყანა ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული.

მხოლოდ მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით ქვეყანაში 2,6 მილიონი დოლარის თევზის იმპორტი განოხრციელდა და ეს მაჩვენებელი ბოლო წლების მასქსიმუმზეა. ამ პროდუქტის მთავარ მომწოდებელ ქვეყნებს შორის მოწინავე კი თურქეთია, საიდანაც წელს ქვეყანაში 1,7 მილიონი დოლარის პროდუქტი შემოვიდა.

ახალი ან გაცივებული თევზის იმპორტი: ( 2022-2026,Q1)

2022 წელი - $1,2 მლნ, 150 ტონა

2023 წელი - $2,4 მლნ, 251 ტონა

2024 წელი - $1,6 მლნ, 184 ტონა

2025 წელი -$1,5 მლნ, 176 ტონა

2026 წელი -$2.6 მლნ, 309 ტონა

გარდა იმპორტისა, საქართველო თევზის ექსპორტიორი ქვეყანაცაა. წელს პირველ კვარტალში 564 ათას დოლარამდე ღირებულების თევზი გავყიდეთ. ამ მხრივ პარტნიორები საქართველოსთვის მეზობელი სახელმწიფოები, სომხეთი და აზერბაიჯანი არიან.

ახალი ან გაცივებული თევზის ექსპორტი: (2022-2026 წ., Q1)

2022 წელი - $166.6 ათასი

2023 წელი - $741 ათასი

2024 წელი - $129,2 ათასი

2025 წელი -$511,4 ათასი

2026 წელი -$563,7 ათასი

აკვაკულტურის სექტორის მოლოდინია, რომ რამდენიმე წლიან პერსპექტივაში წარმოების ზრდასთან ერთად შესაძლებელი გახდება სახმელეთო მეურნეობებში მოყვანილი თევზის აქტიური ექსპორტიც განხორციელდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები