საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნა 9 რეკომენდაციის შესრულებაზეა დამოკიდებული.
ჰერჩინსკიმ, რომელიც ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ექნება სათანადო პროგრესი და პოზიტიურ შეფასებას მიიღებს. ელჩის თქმით, 9 პუნქტის შესრულების შეფასებაზე მუშაობა დაწყებულია და მათ შორის შეხვედრა იგეგმება ბიზნესთან.
„გასული წლის დეკემბერში ყველამ ვიზეიმეთ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ისტორიული გადაწყვეტილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ფორმალურად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა აქ მისასვლელად რამდენიმე ეტაპია, შემდეგია მოლაპარაკებების გახსნა. საქართველომ მიიღო 9 პუნქტი, რომელთა იმპლემენტაციაც მიმდინარეობს. შესრულების მდგომარეობას შემდეგ გაფართოების ანგარიშში შევაფასებთ. შეფასებაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს, კონსულტაციები გვქონდა სამოქალაქო საზოგადოებასთან, მომავალ კვირაში კონსულტაციები გვექნება ბიზნესთან, მივიღებთ ინფორმაციას ოფიციალური პირებისგან. ეს პროცესი გამჭვირვალე იქნება. ვიმედოვნებთ, მიმდინარე წლის ოქტომბერში, როდესაც გაფართოების ახალი ანგარიში იქნება, 9 პუნქტიდან ყველას შემთხვევაში საკმარისი პროგრესი მიიღწევა, რომ პოზიტიური რეკომენდაცია გაიცეს მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. ახლა რაც გვჭირდება არის, რაც შეიძლება მეტი პროგრესი ყველა რეკომენდაციასთან დაკავშირებით“,- ამბობს ელჩი.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა წინასაარჩევნო კამპანიების პარალელურად, რეკომენდაციების შესრულებაზეც აქტიურად იმუშაონ.
„რეკომენდაციების იმპლემენტაციას დღეს ვერ შევაფასებ, ძალიან ადრეა. საქართველოში ოქტომბერში არჩევნებია, რომელიც ბუნებრივად მიიპყრობს ყველა პოლიტიკოსის ენერგიას და ყურადღებას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად ყველამ იმუშაოს რეკომენდაციების შესრულების პროგრესისთვის. ვიმედოვნებ, ეროვნული კონსენსუსი იქნება და ევროინტეგრაციაზე ყველა ერთად იმუშავებს“,- აღნიშნა ელჩმა ჟურნალისტებთან.