Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილის თქმით, მოლოდინია, რომ წელსაც გადაიდება ენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედება. ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე მუშაობს. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე.
1 ივლისიდან ვაჭრობა პლატფორმაზე სრულყოფილად უნდა დაიწყოს. დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მოხდება საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი. სამიზნე მოდელში გათვალისწინებულია საათობრივი დაბალანსების ვალდებულებაც.
"გვგონია, რომ სრული მოდელის ამოქმედება წელს არ მოხდება და ისევ რაღაც შუალედურ მოდელზე დავრჩებით. კომპანიების მზაობა არც ისეთი მაღალია, კითხვები ჯერ კიდევ ბევრია. თუნდაც ის, რა შეიძლება მოუვიდეს საბითუმო ელექტროენერგიის ფასს, ეს საკმაოდ რთულად პროგნოზირებადია. ჩვენს კვლევაში გაანალიზებული გვაქვს ის ფაქტი, რომ თუ გადავედით საათობრივ ვაჭრობაზე და დღითადრე ბაზარი გახდა ე.წ reference price, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ფასის მდგენელი იქნებიან თბოსადგურები ან ექსპორტის დროს ექსპორტის საშუალო ფასი, ეს დღევანდელი მაჩვენებლიდან შეიძლება დაკლებასაც კი ნიშნავდეს, არა თუ გაზრდას. მაგრამ არიან ბაზრის მონაწილეები, რომლებსაც პირიქით ჰგონიათ, რომ ბაზარი როცა გაიხსნება, გაიზრდება ფასიც, იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი გამოცდილება იყო სხვა ქვეყნებში, როდესაც ბაზარი გაიხსნა. ამიტომ, სხვადასხვანაირი შეხედულებები შეიძლება გვქონდეს და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, საბოლოო რედაქციაში კანონში რა ჩაიწერება", - ამბობს ჩახვაშვილი.
ცნობისთვის, აპრილ-ივნისში ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა გააქტიურდა და ჯამში 87 მლნ კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გაიყიდა.




























