მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვიხარია, რომ ევროკომისიამ "შავი ზღვის კაბელის პროექტი" ჩართო პრიორიტეტების ნუსხაში - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს მივიჩნევთ ტრანსფორმაციულ პროექტად, მისი განხორციელების გარეშე რთული იქნებოდა ჩვენთვის ჩვენი ენერგორესურსების სრულად გამოყენება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ ლიდერთა დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აბუ-დაბიში გამართული ღონისძიების მთავარი თემა იყო - შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს მივიჩნევთ ტრანსფორმაციულ პროექტად. ძალიან ამბიციური და რეალისტური პროექტია. ჩავატარეთ ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა. ეს პროექტი ტექნიკურად განხორციელებადია, ამიტომ, ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ამ მიმართულებას. შავი ზღვის კაბელი 1155 კილომეტრის სიგრძისაა და დააკავშირებს საქართველოს ევროპულ ენერგობაზართან. განსაკუთრებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუმინეთის გავლით.

გავზრდით ჩვენს წარმადობას გენერაციის მიმართულებით და ექსპორტისთვის გვექნება გამომუშავებული ელექტროენერგია ევროპაში სხვა ბაზრებზეც გავალთ. ამ პროექტის განხორციელების გარეშე რთული იქნებოდა ჩვენთვის ჩვენი ენერგორესურსების სრულად გამოყენება. ამიტომ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ პროექტს და გვიხარია, რომ ევროკომისიამ ეს პროექტი ჩართო თავის პრიორიტეტების ნუსხაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს ციფრული და წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის ფარგლებში აშენდება დაახლოებით 1155 კმ სიგრძის (1115 კმ წყალქვეშა კაბელი და 40 კმ სახმელეთო), 1300 მეგავატი სიმძლავრის წყალქვეშა კაბელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები