მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გვინდა ჩვენი სერვისი ევროპაში დავნერგოთ” - რას სთავაზობს Unbox.wine მომხმარებელს?

64a8412acb237
ნანუკა ნარიმანიძე
10.07.23 09:00
740
Unbox.wine ღვინის მიწოდების ინოვაციური გამოწერის სერვისია, რომელიც საქართველოს ბაზარზე აპრილიდან გამოჩნდა და მომხმარებელს საშუალებას აძლევს ღვინის ყუთები გამოიწეროს, კომპანიის სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე პროცესებზე Unbox.wine-ის დამფუძნებელმა ვერიკო გურულმა გადაცემა “ქალების ნარატივში” სტუმრობისას ისაუბრა.

“ჩვენ გვაქვს სერვისი, მომხმარებელს შეუძლია ღვინის ყუთი გამოიწეროს ყოველკვირეულად, ყოველთვიურად, ან, თუნდაც, საჩუქრად, ამისთვის გვაქვს განკუთვნილი ვებ-გვერდი, რომელზე გადასვლისას მომხმარებელი ავსებს უმარტივეს კითხვარს, ამ კითხვარის საფუძველზე ჩვენს ღვინის ექსპერტები პერსონალურად არჩევენ ღვინოს მომხმარებლისთვის, ყუთისთვის შერჩეული ღვინოები მომხმარებელს 98%-ით მოეწონება.ჩვენი მიზანია, ღვინის მოყვარულებს პროდუქტი მათი ინდივიდუალური გემოვნების შესაბამისად შევთავაზოთ. თუ, ჩვეულებრივ, მომხმარებელი საკუთარი წარსული გამოცდილებით არჩევს ღვინოს და უარს ამბობს სიახლეზე, Unbox.wine-ში ვცდილობთ განვსაზღვროთ მომხმარებლის სურვილები და მათ ახალი გემოების აღმოჩენაში დავეხმაროთ”, - აღნიშნა ვერიკო გურულმა.

Unbox.wine-ს აქვს 2,4 და 6 ბოთლიანი შეფუთვები, ყოველკვირეულად მისაღები ორბოთლიანი ყუთის ფასი 79 ლარიდან 109 ლარამდე მერყეობს.

“ჩვენ ვეხმარებით მცირე მეწარმეებს, ჩვენი არჩეული ღვინის უმრავლესობა საკოლექციოა, შესაბამისად, თითო ბოთლი შეიძლება იყოს თითო ყუთის საფასურის ტოლფასი, ამასთან, მომხმარებელი ყოველთვის აღმოაჩენს საინტერესო სიურპრიზებს, რომელიც ღვინოს უხდება, ეს შეიძლება იყოს შვეიცარული ტექნოლოგიით დამზადებული ყველი, ფერმერის მთის თაფლი და ა.შ.”, - დასძინა მან.

ამასთან, ვერიკო გურულმა კომპანიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ კომპანია ევროპის ბაზარზე გასვლას გეგმავს.

“ამ ეტაპზე გვსურს ევროპის ბაზარი მაქსიმალურად მოვიცვათ, ჩვენი ძირითადი მომხმარებლები უცხოელები არიან, საქართველოში გამოწერის სერვისს ფეხი არ აქვს მოკიდებული, ევროპაში კი ძალიან პოპულარულია, გვინდა ამ სერვისით ქართულ ღვინოს გავუწიოთ პოპულარიზაცია, მოლაპარაკებები დაწყებულია რამდენიმე ქვეყანასთან, ამასთან, დღითიდღე იზრდება მოთხოვნა ჩვენს ყუთებზე, ამიტომ ზაფხულიდანვე ვიწყებთ მომზადებას წინასაახალწლო პერიოდისთვის”, - განმარტა მან.

ცნობისთვის:სტარტაპმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო „შარქ თენქ საქართველოს” პირველ სეზონში და გადაცემის ერთ-ერთი გამარჯვებულიც გახდა. სტარტაპში ინვესტიცია მენი ბენიშმა განახორციელა. ამ ეტაპზე კომპანიაში დასაქმებულია 5 ადამიანი. პროდუქციის შეძენა კომპანიის სოციალური გვერდების და ვებ-გვერდის მეშვეობითაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები