გვინდა, დედაქალაქის გულში „ლენდმარკის“ ტიპის პროექტი შევქმნათ - ასე უპასუხა “ბიოგრაფი ლივინგის” აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ფხაკაძემ „საქმიან დილაში“ წამყვანის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობისა და ყოფილი ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ადგილას „ვისოლ ჯგუფის“ მიერ დაგეგმილ საინვესტიციო პროექტს შეეხებოდა.
საქმე ის არის, რომ თბილისში, ჩიქოვანის ქუჩა 14-ში მდებარე სახელმწიფო ქონება, ყოფილი ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო ₾28.2 მილიონად „ვისოლ ჯგუფთან“ დაკავშირებულმა კომპანია „კოსტავა თაუერსმა“ იყიდა, რომელიც კოსტავას ქუჩაზე მომიჯნავე 33,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი შენობის მფლობელია. ეს ქონება კომპანიამ საჯარო აუქციონზე 2022 წელს 65 მილიონ ლარად შეიძინა.
“ბიოგრაფი ლივინგის” აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ჯამში საზოგადოებრივი მაუწყებლის და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ძველი შენობების ტერიტორია 5 ჰა-ს აღემატება და კომპანიას მასშტაბური საინვესტიციო პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. კონკრეტული ვადები და ინვესტიცია ვასილ ფხაკაძეს არ დაუკონკრეტებია.

„სულ რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ ეს ტრანზაქცია და ძალიან გვახარებს, რომ სწორედ ასეთი კარგი აქტივი შემოუერთდა ჩვენი ჯგუფის პორტფელს, რაც კიდევ უფრო დაეხმარება მიმდინარე ტერიტორიის განვითარებას. ჯამურად, ფაქტობრივად ქალაქის გულში 5 ჰა-ზე მეტი ტერიტორიაა. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს აქტიური მუშაობა პროექტირების მიმართულებით. ავიყვანეთ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კომპანია მსოფლიოში, ეს არის ბრიტანული კომპანია „ბენოი“, რომელიც ოპერირებს სინგაპურში, ლონდონში და ამერიკაში. ისინი აპროექტებენ ამ პროექტს და მართლაც რომ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გამორჩეული და ძლიერი არქიტექტურული კომპანიაა. ეს ჩვენი დედაქალაქის მართლაც ქალაქის გულია, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლოკაცია. გვინდა, რომ განსხვავებული პროექტი შევქმნათ. აქ მხოლოდ საცხოვრებელზე არ არის ლაპარაკი, ეს იქნება მულტიფუნქციური კომპლექსი, სადაც იქნება სავაჭრო ცენტრიც, იქნება საოფისე ფართებიც, იქნება საცხოვრებელი ფართებიც და, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ეს გახდეს ქალაქის ერთ-ერთი ლენდმარკი არა მხოლოდ „ბიოგრაფისთვის“ და „ვისოლ ჯგუფისთვის“ იყოს ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი, არამედ დედაქალაქში იყოს მართლაც ლენდმარკის ტიპის პროექტი, რომლითაც თითოეული თბილისელი იამაყებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ“, - განაცხადა ვასილ ფხაკაძემ.
ცნობისთვის, „ვისოლ ჯგუფში“ შემავალი დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ 2022 წლის ბოლოს დაფუძნდა. მისი დამფუძნებლები არიან ბიზნესმენი ძმები სოსო და ლევან ფხაკაძეები და თამარ გამგონეიშვილი. დირექტორი კი ვასილ ფხაკაძეა. დღეისთვის, კომპანია დედაქალაქში 7 დეველოპერულ პროექტს ავითარებს, რომელთა საინვესტიციო ღირებულება „ბიოგრაფი ლივინგის“ დირექტორის თქმით, 500 მლნ დოლარია.
კომპანიის გაცხადებული ხედვით, თითოეული პროექტი 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციით აშენდება და მობინადრეებს საშუალებას მისცემს 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზე ჰქონდეთ წვდომა ყველა საჭირო პროდუქტსა და სერვისთან.
"ბიოგრაფი ლივინგის" დეველოპერული პროექტები:
- "საკენი“ ვაჟა-ფშაველას გამზირზე საოფისე და კომერციულ ფართებს, 390 აპარტამენტს, 7 პენტაუსს აერთიანებს;
- "მატიანი“ აკაკი წერეთლის გამზირზე შენდება და კომერციულ და საოფისე ფართებს, 312 აპარტამებს და გასართობ სივრცეებს აერთიანებს;
- "ჰისნი“ ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარეობს და კომერციულ და საოფისე ფართებთან ერთად 510 აპარტამენტს მოიცავს;
- "შანტანი“ მაიაკოვსკის ქუჩაზე შენდება და კომერციულ ფართებს, 215 აპარტამენტს და რეკრეაციულ სივრცეებს აერთიანებს;
- "ბარე“ ავლაბარში, ნიკო ლომოურის ქუჩაზე მდებარეობს და საპარკინგე, კომერციულ და საცხოვრებელ სივრცეებს მოიცავს;
- "დაირა“ ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე აშენდება;
- "მოზაიკა“ საბურთალოზე, გაზაფხულის ქუჩის N10-ში მდებარეობს;
რაც შეეხება დაგეგმილ პროექტებს, ესენია:
- "ლიბრეტო" - ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე აშენდება;
- "გარდანი" გლდანში, ალექსი გობრონიძის ქუჩაზე მდებარეობს.




























