ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას განცხადებით, სებ-ის პოზიციაა, რომ იმ დეველოპერულ კომპანიებს, რომლებსაც სამშენებლო პროექტები თითქმის დასრულებული აქვთ, მეტი წვდომა ჰქონდეთ საბანკო კრედიტებზე. ამის შესახებ მან დეველოპერული კომპანიების დაკრედიტების წესში შესატანი ცვლილებების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომელზეც სებ-ი დეველოპერულ კომპანიებთან და საბანკო ასოციაციასთან ერთად მუშაობს.
"ჩვენ ვაფასებთ, რომ დეველოპმენტის ბაზარი მდგრადად ვითარდება, ანუ არც ძალიან სწრაფი არ უნდა იყოს, რომ ინფლაციური წნეხი არ შექმნას და დღეს ამას არ ვხედავთ, დაჩქარება დაკავშირებულია ჩვენი რეგულაციების მოქნილობაზე და ეკონომიკურ ზრდაზე. ეკონომიკა სწრაფად იზრდება და დეველოპმენტი მამოძრავებელი ძალაა ამ ყველაფრის. მე არ დავარქმევდი ამას შეღავათებს, უბრალოდ ჩვენ ვმუშაობთ საბანკო სექტორთან ასევე დეველოპერებთან, რომ არსებული რეგულაციები რომლებიც მრავალი წლის წინ არის მიღებული უფრო განახლდეს, დაკონკრეტდეს და აქცენტი იყოს იმაზე, რომ მათთვის, ვისაც თითქმის დასრულებული აქვს თავისი პროექტები, ჰქონდეს მეტი წვდომა დაფინანსებაზე," - განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, საბანკო დაკრედიტებაზე უფრო ფართო წვდომის გახსნით, დეველოპერული კომპანიების მხრიდან შიდა განვადებების გაცემაზე დამოკიდებულება შემცირდება. ეს კი თავის მხრივ ამ არასაბანკო სასესხო ინსტრუმენტის და მისი შესაძლო ფინანსური რისკების შემცირებას შეუწყობს ხელს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეველოპერულ სექტორში შიდა განვადებების ფართო გამოყენება დაკავშირებულია კაპიტალის მოზიდვაზე არსებული შეზღუდვებით. მოქმედი წესებით, კომპანიებს, რომლებიც სააქციო კაპიტალის კონკრეტულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ, ბანკებიდან დაფინანსების მიღება უჭირდათ, რის გამოც ისინი შიდა განვადებებით აფინანსებენ პროექტებს. დეველოპერული კომპანიების დაფინანსების ცვლილებით კი იმ კომპანიებს, რომელთაც პროექტები თითქმის დასრულებული აქვთ, მეტი წვდომა მიეცემათ საბანკო სესხებზე და ამ მხრივ მათი მხრიდან შიდა განვადებების გაცემა უნდა შემცირდეს.




























